არასამთავრობო ორგანიზაციები „ქართული მარში“ და „გეორგია“ პოლიტიკურ პარტიას „ქართული მარში-ეროვნული მოძრაობა-ს“ აფუძნებენ, – ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ პარტიის გენერალურმა მდივანმა, ირაკლი შიხიაშვილმა განუცხადა.
შიხიაშვილის განმარტებით, ეროვნული სულისკვეთების მქონე ყველა ადამიანისთვის, რომლისთვისაც სამშობლო ფუჭი სიტყვა არ არის, კარი ღიაა.
„ვგეგმავთ, რომ ეს პოლიტიკური ძალა დაფუძნდეს, რომელსაც სურვილი აქვს მოჯადოებული წრე, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ორ ლიბერალურ ფასეულობებზე შექმნილ პოლიტიკური ძალის შორის არის გაჩენილი, „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ვგულისხმობ, გაარღვიოს და შეიქმნას ახალი მოძრაობა.
პარტია დაემყარება ეროვნულ იდეოლოგიას და ტრადიციულ ქართულ ფასეულობებს, ჩვენ გვაქვს ეროვნული პროექტი, რომელიც ჩვენი პარტიის ეკონომიკურ-პოლიტიკური პლატფორმა იქნება. „გეორგია“, ისრაელის გამოცდილებითაა შექმნილი. ეს ჩვენს ქვეყანას მისცემს ბიძგს, რომ ამ სტაგნაციიდან გამოვიდეს და სწრაფი ტემპებით განვითარება დაიწყოს.
მნიშვნელოვანია, მოსახლეობამ და საზოგადოებამ იცოდეს, რომელი ძალა იქნება არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული, არამედ ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობისთვის და დაცვისთვის. ეს იქნება გონიერი და ღონიერი ძალა“, – ამბობს შიხიაშვილი.
ირაკლი შიხიაშვილი „პრაიმტაიმთან“ ვინაობებს ასახელებს, თუ ვინ იქნება მათ რიგებში:
„პარტიის თავმჯდომარე სანდრო ბრეგაძეა, მე გენერალური მდივანი გახლავართ. ქალაქის ორგანიზაციის ხელმძღვანელი იქნება მამუკა ჩოქური, რომელიც სამგორის გამგებელი იყო, მანამდე – თეთრიწყაროსი. ასევე, ჩვენთან ერთად გლდანის ყოფილი გამგებელი იქნება, იქნება მინისტრის ყოფილი მოადგილე დიასპორის საკითხებში ზაალ სარაჯიშვილი. იქნება ბევრი საინტერესო, ახალი სახე“, – ამბობს შიხიაშვილი.
პარტიის, რომელიც რამდენიმე საათში წარედგინება საზოგადოებას, გენერალური მდივანი ჯერჯერობით, ვერ ამბობს, იყრის თუ არა მაჟორიტარ კანდიდატად კენჭს, თუმცა: „შემიძლია გითხრათ, რომ საარჩევნო შტაბს მე ვუხელმძღვანელებ“, – ამბობს ირაკლი შიხიაშვილი.
„ქართული მარში – ეროვნული მოძრაობის“ სადამფუძნებლო ყრილობა დღეს, 18:00 საათზე საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ეზოში გაიმართება.











