„ქართული ოცნება“ თუ არ დათმობს ძალაუფლებას, მშვიდობიანი გზით, ძალით დავათმობინოთ და ამას შეიძლება, დაარქვა ან არ დაარქვა რევოლუცია, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ განაცხადა.
„თუ „ქართული ოცნება“ საბოლოო ჯამში არ დათმობს ძალაუფლებას, მგონია, რომ მშვიდობიანი გზით, ყველანაირი რაღაცების გარეშე, ძალით დავათმობინოთ და ამას შეიძლება დაარქვა რევოლუცია, შეიძლება არ დაარქვა რევოლუცია, დაარქვა ხელახალი არჩევნები. ნებისმიერ შემთხვევაში მშვიდობიანი გზით უნდა დავათმობინოთ ძალაუფლება და მაგას რევოლუცია ჰქვია პრინციპში“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
მისივე თქმით, აქციები სავარაუდოდ, გაგრძელდება.
„გირჩი“ არ ყოფილა პარლამენტში წინა ოთხი წლის განმავლობაში, მაგრამ ბევრ რაღაცას ვაკეთებდით. ბევრი მიმართულებით გავლენა გვქონდა საქართველოში პოლიტიკის ცვლილებაზე და ასე ვაპირებთ, გავაგრძელოთ. პარლამენტის ტრიბუნა არის მნიშვნელოვანი ბერკეტი, რომ იომო პოლიტიკაში, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი. მაგის გარდა კიდევ ბევრი სხვა გზა არსებობს და იმ გზებს გამოვიყენებთ, როგორც აქამდე ვიყენებდით, „გირჩს“ ეგ არ გაუჭირდება, სხვა პარტიებმა არ ვიცი, რა უნდა ქნან. არ ვიცი, რა არის მთლიანად ოპოზიციის გეგმა. მე ასეთი გეგმა არ მინახავს. შეიძლება ოპოზიციურმა პარტიებმა თქვენ, გვაქვს გეგმა, ამას ვაპირებთ, იმას ვაპირებთო, მაგრამ გეგმის დაწერა შეუძლებელია, პოლიტიკური რეალობა იცვლება ყოველწამიერად და ვერავითარი გეგმით ვერ გაყვები. ამ წუთში მგონია, რომ მთავარი გამოწვევაა შეზღუდვები და ვიბრძვი ამ შეზღუდვების მოხსნისთვის. ეს არის ჩემი გეგმა, ამას რომ დავამთავრებ, მერე სხვა რამეზე გადავალ და ასე ვაპირებ, გავაგრძელო. სხვები შეიძლება სხვანაირად უყურებენ, სხვა რამეს აფასებენ და სხვა რამეს თვლიან ძალიან მნიშვნელოვან პრობლემად“, – განაცხადა ჯაფარიძემ.











