თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში, კორონავირუსის დაფიქსირების შემდეგ, თელავის ბაზრების ყარაჯალელ მოვაჭრეებს, პროდუქციის რეალიზაცია შეუმცირდათ.
მოვაჭრეები მყიდველის ნაკლებობას უჩივიან და ამბობენ, რომ მოსახლეობის შიში უსაფუძვლოა.
„ამ პატარა ბავშვის ამბის შემდეგ, ხალხს ეგონა, რომ ყველას, ვინც იმ სოფლიდანაა, კორონავირუსი აქვს, ამიტომ მყიდველი შემცირდა. ან იმ ბავშვს თუ ჰქონდა, ეგ კიდევ საკითხავია. ოჯახი ამბობდა, საზამთრო ჭამა და მოიწამლაო. ვფიქრობთ, რომ არ დაუსვეს სწორი დიაგნოზი და ჩვენც დავზარალდით“, – განაცხადა ერთ- ერთმა მოვაჭრემ, ნაირა აბდულაევამ.
მოსახლეობის შიშს უსაფუძვლოდ მიიჩნევს, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი სოფელ ყარაჯალიდან, მამედ სულეიმანოვიც.
„ჩვენთან საშიში არაფერი არ იყო. ჩემი ინფორმაციით, ტესტი შეცდა და ბავშვს ვირუსი არ ჰქონდა. სოფელში არავის არაფერი არ სჭირს. ხომ არ შეიძლება, მშობელი კარგად ყოფილიყო და ბავშვი კი, ვირუსით ინფიცირებული“, – განაცხადა სულეიმანოვმა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილებაში განმარტავენ, რომ სოფელ ყარაჯალის შემთხვევა, ფაქტობრივად ამოწურულია.
ბავშვი გამოჯანმრთელდა და დედასთან ერთად, სავალდებულო კარანტინშია. რაც შეეხება, გამოვლენილ კონტაქტებს, არცერთ მათგანს, ვირუსი არ დაუდასტურდა- განაცხადა განყოფილების ხელმძღვანელმა, ნელი ხიზანიშვილმა.
თელავი აგრარულ და სხვა ღია ბაზრებში, 150-ზე მეტი მოვაჭრეა, რომელთაგან ნახევარზე მეტი, სოფელ ყარაჯალიდან არის.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











