ხვალ, 3 ნოემბერს აშშ-ში 59-ე საპრეზიდენტო არჩევნებია. აშშ-ს პოლიტიკურ სივრცეს ორი პარტია – რესპუბლიკელები და დემოკრატები დომინირებენ და შესაბამისად, საპრეზიდენტო კანდიდატები სწორედ ამ ორ პარტიას ეკუთვნიან.
2020 წლის არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის (ეფუძნება ამერიკულ კონსერვატიზმს) კანდიდატი კვლავ დონალდ ტრამპია, ხოლო დემოკრატიულ პარტიის (მემარცხენე-ცენტრისტული) – ჯო ბაიდენი.
| როგორ ვლინდება გამარჯვებული კანდიდატი
ამერიკის შეერთებული შტატების საარჩევნო მოდელის მიხედვით, პრეზიდენტი აირჩევა არამხოლოდ მოქალაქეთა უმრავლესობით, არამედ საარჩევნო კოლეგიითაც.
საარჩევნო კოლეგია
საარჩევნო კოლეგია აშშ-ს “დამფუძნებელმა მამებმა” კონსტიტუციით შექმნეს იმიტომ, რომ შექმნილიყო ბალანსი პრეზიდენტის არჩევისას. საარჩევნო კოლეგიის მეშვეობით მომცრო შტატებს მიეცა გარანტია, რომ მათ ხმას ისეთივე წონა ექნებოდა, როგორც შტატებს მრავალრიცხოვანი მოსახლეობით.
საარჩევნო კოლეგია 538 წევრისგან შედგება. იმისათვის, რომ კანდიდატი პრეზიდენტი გახდეს, მას მინიმუმ, 270 წევრის ხმა სჭირდება.
| ყოველთვის არ იმარჯვებს ის, ვისაც ყველაზე მეტი ხმა ერგო – რა ხდება
საარჩევნო კოლეგია არაერთხელ გამხდარა კრიტიკის საგანი, რადგან შესაძლებელია, კანდიდატს საყოველთაო არჩევნების შედეგად, ყველაზე მეტი ხმა ერგოს, მაგრამ მაინც ვერ გახდეს პრეზიდენტი, იმიტომ, რომ ვერ მოიპოვა კოლეგიის წევრთა ხმების უმრავლესობა. სწორედ ასე მოხდა ჰილარი კლინტონის შემთხვევაში. 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ჰილარი კლინტონი ტრამპის მთავარი მოწინააღმდეგე იყო.
კლინტონს ტრამპზე 3 მილიონზე მეტი ხმა ჰქონდა. თუმცა, ტრამპმა საარჩევნო კოლეგიაში უმრავლესობის მხარდაჭერა მიიღო. შესაბამისად, კლინტონი დამარცხდა, ტრამპმა კი გაიმარჯვა.
|ვის შეუძლია არჩევნებში ხმის მიცემა
თუ თქვენ ხართ ამერიკის მოქალაქე და უკვე შეგისრულდათ 18 წელი, შეგიძლიათ არჩევნებში ხმის მიცემის უფლებით ისარგებლოთ. საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 4 წელიწადში ერთხელ ტარდება.
|3 ნოემბრის არჩევნებზე აშშ მხოლოდ პრეზიდენტს ირჩევს?
არა.
რა თქმა უნდა, მთავარი ყურადღება ორი მთავარი კანდიდატის – ბაიდენისა და ტრამპისკენ იქნება მიმართული. თუმცა, ამერიკელები პრეზიდენტის არჩევის გარდა, 3 ნოემბერს აშშ-ს 117-ე კონგრესის ახალ წევრებსაც აირჩევენ – წარმომადგენელთა პალატის 435 და სენატის 35 წევრს.
აშშ-ის კონგრესი ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური მთავრობის საკანონმდებლო ორგანოა. არის ორ პალატიანი. შედგება აშშ-ის სენატისა და წარმომადგენელთა პალატისგან. კონგრესის ორივე პალატა კაპიტოლიუმშია განთავსებული.
დემოკრატები წარმომადგენელთა პალატას უკვე აკონტროლებენ. ასე, რომ ამ არჩევნებში ისინი წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლის შენარჩუნებასა და სენატზე ძალაუფლების მოპოვებას შეეცდებიან.
თუ ისინი ორივე პალატაში უმრავლესობის მოპოვებას შეძლებენ, იმ შემთხვევაშიც კი თუ პრეზიდენტი კვლავ ტრამპი გახდება, დემოკრატები მისი გეგმების განხორციელების შეჩერებას/დაბლოკვას შეძლებენ.
|როდის გახდება არჩევნების შედეგები ცნობილი
ხმების დათვლას, შესაძლოა, რამდენიმე დღე დასჭირდეს. თუმცა, როგორც წესი, არჩევნების მეორე დღეს, დილით გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების მიხედვით, გამარჯვებული კანდიდატი უკვე გამოკვეთილია ხოლმე.
თუმცა, წელს პანდემიის გამო, კანდიდატებს საბოლოო შედეგების გასაგებად ლოდინი, შესაძლოა, რამდენიმე დღე ან კვირა მოუწიოს. ამის მიზეზი კორონავირუსი პანდემიის გამო აშშ-ს შტატებში ხმის მიცემის სხვადასხვა მეთოდის დანერგვაა, როგორიცაა ელექტრონული ფოსტა და საფოსტო ბიულეტენი.
ამ თემაზე დაწვრილებით შეგიძლია წაიკითხოთ – არჩევნების ჩატარების კოვიდ-სტანდარტი საქართველოსა და მსოფლიოში
|როდის დაიკავებს გამარჯვებული კანდიდატი კუთვნილ ადგილს
თუ 3 ნოემბრის არჩევნებში ჯო ბაიდენი გაიმარჯვებს, ის ტრამპს მაშინვე ვერ ჩაანაცვლებს. კერძოდ, არჩევნებში გამარჯვებულ კანდიდატს ეძლევა დრო, რომლის განმავლობაშიც მან მინისტრები უნდა დანიშნოს და სამოქმედო გეგმა დასახოს.
გამარჯვებული კანდიდატის აშშ-ს პრეზიდენტად ოფიციალური წარდგენა 20 იანვარს, ინაუგურაციის დროს მოხდება. ინაუგურაციის ცერემონია ვაშიგნტონში, კაპიტოლიუმის კიბეებზე ტარდება.
ავტორი – ნინი ტაველიძე, PTN.GE