საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მიიღო.
პირველი გადაწყვეტილება, რომელიც მოსახლეობა დიდი ხნის განმავლობაში ელოდა, კომენდანტის საათს ეხება.
დღეიდან გადაადგილებაზე შეზღუდვა 21:00 საათის ნაცვლად 23:00 საათიდან დაიწყება და ჩვეულებრივად 05:00 საათამდე გაგრძელდება.
„მივმართავთ მოქალაქეებს, გაითვალისწინონ, რომ გამკაცრდება რეგულაციის აღსრულების ადმინისტრირება, რაც ნიშნავს იმას, რომ შეზღუდვა ამოქმედდება ზუსტად 23:00 საათზე. ამავდროულად, განვმარტავთ, რომ ძალაში რჩება ყველა ის გადაადგილების უფლება, რომელიც მოქმედებდა 21:00-05:00 საათამდე პერიოდში, ანუ თავიდან მათ არ დასჭირდებათ ამ უფლების მოპოვება”- განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
მეორე შეზღუდვა, რომელიც მიმდინარე კვირაში მოიხსნება რესტორნებს ეხება. საბჭოს გადაწყვეტილებით, კვების ობიექტებს შესაძლებლობა ექნებათ, სტუმრები შაბათ-კვირას მხოლოდ ღია სივრცეში მიიღონ.
მისი თქმით, ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებზე დაკვირვება გრელდება და ვითარების სტაბილიზაციის შემთხვევაში, 1-ლი ივნისიდან, ამ მიმართულებით შესაძლოა შემდგომი შემსუბუქების გადაწყვეტილებაც იქნას მიღებული.
„რა თქმა უნდა, კვლავ ძალაშია შეზღუდვა ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებით, როგორიცაა, ქორწილი, ქელეხი, ბანკეტი და სხვადასხვა სახის იუბილე.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სავალდებულო ტესტირება კვლავინდებურად გაგრძელდება სახელმწიფოს ხარჯზე მომავალ თვეების განმავლობაშიც“,- აღნიშნა ღიბრაძემ.
ამასთან, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ კიდევ ერთი ინფორმაცია გახდა ცნობილი. ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ამ კვირიდან ტურიზმის სექტორში დასაქმებულების ვაქცინაცია დაიწყება.
„ამ კვირიდან უკვე დაიწყება ორგანიზებული ვაქცინაცია იმ ადამიანების, ვინც დასაქმებულია ტურისტულ სექტორში. ეს არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ მთელმა მსოფლიომ იცოდეს, რომ ჩვენთან ტურიზმი არის უსაფრთხო“,- განაცხადა ნათია თურნავამ.











