„ყველაფერი გავაკეთეთ შს სამინისტრომ და ხელისუფლებამ, რომ არავინ არ დაშავებულიყო“,- ამის შესახებ შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ყველაფერი გავაკეთეთ შს სამინისტრომ და ხელისუფლებამ, რომ არავინ არ დაშავებულიყო. პირველი ჩვენი ამოცანა, რომელიც დავისახეთ, ეს ხელმძღვანელობასთან იყო შეთანხმებული.
ჩვენ შევთავაზეთ რა თქმა უნდა, რომ ჩვენ გამოგყვებით 5-10 კაცი, მაგრამ ბოლოს ერთ ადამიანზე დაგვთანხმდა. მინდა მადლობა გადავუხადო ავთო გალდავას, რომელმაც თავისი სიცოცხლე გაწირა. ეს არც ჩემთვის იყო ადვილი, რომ თანამშრომელი გამეგზავნა. ის ან დაბრუნდებოდა ან არა ცოცხალი. ეს გადწყვეტილება ჩემთვისაც რთული იყო. ერთი წამით მას უარი არ უთქვამს და არ შეუდრეკია თავისი ნაბიჯი, წარბი არ შეუხრია“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ერთ-ერთ შენობაში გუშინ, 21 ოქტომბერს დაწყებული სპეცოპერაცია 22 ოქტომბერს, გამთენიისას დასრულდა.
04:13 საათზე გავრცელდა ინფორმაცია, “საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა სამი მძევალი ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის ტყეში გაათავისუფლა, რის შემდეგაც მიიმალა.
გათავისუფლებულმა მძევალმა ლაშა შენგელიამ ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ეთერში განაცხადა, რომ თავდამსხმელმა ყველა მათგანი ერთდროულად გაათავისუფლა. მძევლები თავს კარგად გრძნობენ.











