ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში „საქართველოს ბანკზე“ შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას საქმის არსებითი განხილვა გაიმართა. სხდომაზე მხარეებმა მხოლოდ შესავალი სიტყვა თქვეს.
„მხარეებმა გავიარეთ შესავალი სიტყვა. დაცვის მხარემაც და ბრალდების მხარემაც თავიანთი პოზიცია დავაფიქსირეთ და შესაბამისად დღეს არ ყოფილა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები. რის გამოც პროცესი გადაიდო გაურკვეველი ვადით. რადგან ეს საქმე მოცემულ ვითარებაში არ არის საპატიმრო საქმე“, – განაცხადა იოსებ ჯანაშიამ.
ცნობისთვის, „საქართველოს ბანკზე“ შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუა ამ დრომდე იძებნება.
ესებუას წინააღმდეგ საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებითაა აღძრული, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლების აყვანას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.











