შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუა საქართველოში იმყოფება.
მისი თქმით, ბადრი ესებუას დაკავება შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ღირსების საკითხია.
„რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი თემაა, მითუმეტეს, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ღირსების თემაა, პირდაპირ გეტყვით, ასეთი რამ დიდი ხანია არ მომხდარა. ვმუშაობთ, იყო რაღაც თემები, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ეს დღეს და ხვალ მოხდება. ეს სახუმარო თემა ნამდვილად არ არის. ამდენი ადამიანი მძევლად ჰყავდა აყვანილი. ვისაც უნდა ამ ადამიანის დაკავება და პასუხისგებაში მიცემა, ეს არის შსს. შეიძლება ხალხს ჰგონია, რომ ჩვენ არ გვინდა, ხელს ვუწყობთ ან ვმალავთ, ვმუშაობთ ამ თემაზე. ჩვენი ოპერატიული ინფორმაციით, საქართველოში იმყოფება. იმედია, სწორი ინფორმაციაა და ამ წყაროს ვეყრდნობით“, – განაცხადა გომელაურმა.
ცნობისთვის, 2020 წლის 25 ოქტომბერს, ზუგდიდში საქართველოს ბანკის ფილიალს ბადრი ესებუა თავს დაესხა და მძევლები აიყვანა.
ესებუამ ტერიტორია გამოსასყიდ თანხასთან ერთად დატოვა და შსს-მ მისი დაკავება ამ დრომდე ვერ შეძლო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.











