დღეს ბათუმის სასამართლოში განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებული ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრისა და საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარე ვიტალი ქარცივაძის სასამართლო პროცესი გაიმართა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ადვოკატ რევაზ ფუტკარაძის განცხადებით, დაცვის მხარე არ ეთანხმება აღკვეთ ღინისძიებას და მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს მიმართავს.
„ქრთამი არ აუღია, უფლებამოსილება ბოროტად არ გამოუყენებია. აღკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა, რასაც არ ვეთანხმებით. გასაჩივრებას ვაპირებთ. უდანაშაულოა და ამას დავამტკიცებთ“,- აცხადებს რევაზ ფუტკარაძე.
შეგახსენებთ, ვიტალი ქარცივაძე რამდენიმე დღის წინ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუპციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს.
ვიტალი ქარცივაძე 2019 წლიდან არის ქობულეთის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარე. ამასთანავე ის ქობულეთის საკრებულოს დეპუტატია „ქართული ოცნებიდან“
ავტორი: ნაირა ქობულაძე











