ხშირად მოქალაქეებს სურთ მშენებლობის ნებართვის მიღება, თუმცა არ იციან რომელ ორგანოს უნდა მიმართონ, რა პროცედურების დაცვით ხორციელდება ნებართვის გაცემა და ა.შ.
ვებგვერდი myadcokat.ge-ი განმარტავს, თუ რა პროცედურების გავლა მოგიწევთ სამშენებლო ნებართვის ასაღებად.
მშენებლობის ნებართვის გაცემა მოიცავს რამდენიმე სტადიას, რომელიც დამოკიდებულია იმაზე თუ რომელი კლასის ნაგებობის მშენებლობა უნდა განხორციელდეს.
ზოგადი წესის მიხედვით, მშენებლობის ნებართვის გაცემისთვის თქვენ უნდა მიმართოთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს – ქალაქის მერიის არქიტექტურის სამსახურს. მხოლოდ მე-5 კლასის მშენებლობის ნებართვას გასცემს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტოს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს.
მშენებლობის ნებართვის ასაღებად უნდა წარადგინოთ განცხადება, რომ მოხდეს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება. განცხადებას თან უნდა დაერთოს სხვადასხვა სახის დოკუმენტაცია მათ შორის: მიწის ნაკვეთის ტოპოგრაფიული გეგმა, მიწის ნაკვეთის სიტუაციური გეგმა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონის კვლევის შედეგები, არქეოლოგიური კვლევის შედეგები, მიწის ნაკვეთის საკადასტრო გეგმა, მიწის ნაკვეთის მდგომარეობის ამსახველი ფოტო მასალა, განმცხადებლის იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები.
განცხადების მეორე ეტაპზე ხდება არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება. განცხადებას თან უნდა დაერთოს ისეთი დოკუმენტები როგორიცაა:
სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტი, განმცხადებლის იდენტიფიკაციის დამადასტურებელი საბუთების ასლები, არქიტექტურული პროექტი და სხვა.
მითითებული დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ხორციელდება მშენებლობის ნებართვის გაცემა, ხოლო ასეთი ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში განმცხადებელს უფლება აქვს გაასაჩივროს მიღებული უარის (აქტის) კანონიერება.











