“რესპუბლიკური პარტიის” ლიდერის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ “ქართული ოცნება” პარლამენტში უბარიერო საარჩევნო სისტემას დაარეგისტრირებს, რესპუბლიკური პარტიის წევრები კანონპროექტის კენჭისყრის დროს, 3 მოსმენით პარლამენტში შევლენ.
“რესპუბლიკური პარტია არის წარმოდგენილი 2 მანდატით, ჩვენ ვრჩებით ჩვენი კოლეგების გვერდით, ვამბობთ, რომ ამ მანდატებს არ გამოვიყენებთ და კიდევ ერთხელ მივმართავ ხელისუფლებას, გააუქმოს ჩვენი მანდატები.
როდესაც გვესმის მეორე მხრიდან, რომ ჩვენ მზად ვართ, ვისაუბროთ ბუნებრივი ბარიერით პროპორციულ სისტემაზე, იმ შემთხვევაში, თუ სხვა პარტიები მზად იქნებიან, შემოვიდნენ პარლამენტში და დისკუსია გამართონ. მინდა მათ მივმართო და დარწმუნებული ვარ, ჩემი კოლეგები ოპოზიციური პარტიებიდან გაითავისებენ ჩვენს ამ ინიციატივას. ხელისუფლება წინაპირობებით არ უნდა ელაპარაკებოდეს ოპოზიციას.
თუ ის ბედავს და მზად არის, შემოგვთავაზოს ბუნებრივი ბარიერით პროპორციული სისტემა და დაარეგისტრირებს ამ კანონპროექტს, ჩვენ, „რესპუბლიკელები“ მზად ვართ, ამ კანონპროექტის კენჭისყრის დროს, სამი მოსმენით მხარი დავუჭიროთ და მივიღოთ კენჭისყრაში მონაწილეობა. ამას პირველად ვამბობ და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგები გაითვალისწინებენ ამ რეალობას, რომ ამით ჩვენ „ქართულ ოცნებას“ უნდა შევუტიოთ”,– ამბობს სამნიძე “ტვ პირველის” ეთერში.
შეგახსენებთ, რომ უბარიერო საარჩევნო სისტემის დამტკიცების შემთხვევაში პარლამენტში შესვლას აპირებს პარტია “გირჩი”.











