ავსტრიაში ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში ჩატარებული რეიდების დროს 30 ადამიანი დააკავეს. დაკავებულებს ვენაში გასულ კვირას განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმასთან კავშირი არ აქვს.
ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
პროკურატურის განცხადებით, სპეცოპერაცია მიმართული იყო პალესტინური მოძრაობა „ჰამასისა“ და „მუსლიმთა საძმოს“ წევრებისა ან მხარდამჭერების წინააღმდეგ.
სამართალდამცველებმა რეიდები 60 ადგილას ჩაატარეს. ჩხრეკა ჩატარდა საცხოვრებელ ბინებსა და სახლებში, ასევე ბიზნეს დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში ავსტრიის ოთხ პროვინციაში.
შეგახსენებთ, რომ ვენაში თავდასხმა 2 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 20:00 საათზე მოხდა. სროლებს 4 მშვიდობიანი მოქალაქე და ერთი თავდამსხმელი ემსხვერპლა.











