რკინის ფრაუ თანამდებობას ტოვებს. 16 წლის განმავლობაში პირველად, გერმანიას ახალი ლიდერი ეყოლება და ის ანგელა მერკელი არ იქნება.
ახალი კანცლერისა და მთავრობის დაკომპლექტების მიზნით, გერმანიაში ფედერალური არჩევნებიუკვე გაიმართა (26 სექტემბერს).
ფედერალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული წინასაწარი მონაცემების თანახმად, საპარლამენტო არჩევნებში მცირე უპირატესობით, სოციალ-დემოკრატებმა გაიმარჯვეს. მათ ხმების 25,7% მოიპოვეს.
24,1%-ით მეორე ადგილზეა მემარჯვენე-ცენტრისტული „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ და „ქრისტიან-სოციალური კავშირის“ ბლოკი, „მწვანეებმა“ ხმების 14,8% მიიღეს, „თავისუფალმა დემოკრატიულმა პარტიამ“ 11,5% მოიპოვა, ულტრა-მემარჯვენე პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ კი – 10.3%.

დიდი ალბათობით, გერმანიის მომავალი კანცლერი „სოციალ-დემოკრატი“ ოლაფ შოლცი იქნება, რომლის პარტიამაც არჩევნებში პირველი ადგილი დაიკავა. თუმცა, ხელისუფლებაში მოსასვლელად „სოციალ-დემოკრატებს“ ჯერ კიდევ ბრძოლა და კოალიციის შესაქმნელად კომპრომისების გაკეთებაც მოუწევთ, რადგან გერმანიაში, შესაძლოა, რამდენიმენაირი კოალიციური მთავრობა ვიხილოთ.

მანამდე კი, სანამ გერმანელები მერკელის შემცველის ასარჩევად და ახალი მთავრობის ფორმირებისთვის ემზადებიან, Pew Research Center-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვა ცხადყოფს, რომ მსოფლიოს ეკონომიკურად ყველაზე განვითარებულ 16 სახელმწიფოში გერმანიის ლიდერისადმი ნდობა კვლავ რეკორდულად მაღალია.
დღეისათვის, გერმანიის კანცლერს კითხვარში შეტანილი მსოფლიოს ხუთი ლიდერიდან ნდობის ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს.

|ანგელა მერკელი – ნაკლებად ცნობილი ფაქტები
ანგელა მერკელი (ქორწინებამდე – კესნერი) 1954 წლის 17 ივლისს, ჰამბურგში, ნახევრად პოლონელ ოჯახში დაიბადა. ანგელას მამამ, ჰორსტ კაზმერჩაკმა, ადოლფ ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლამდე, 3 წლით ადრე, გვარი გერმანულ ყაიდაზე – კესნერად გადაიკეთა. ბავშვობაში მერკელს მეგობრები ზედმეტსახელად „კესის“ ეძახდნენ.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მერკელს მშობლები საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობისკენ არ უბიძგებდნენ. მისთვის არც პიონერებში ჩაწერა დაუძალებიათ.

ის თავისუფალი გერმანელი ახალგაზრდების კავშირში მერკელი თავისი სურვილით გაწევრდა.
მერკელი კარლ მარქსის უნივერსიტეტში ფიზიკას სწავლობდა. მეცნიერებისადმი ინტერესი ოჯახშიც გაუღვივეს. დისერტაცია ანგელამ კვანტური ქიმიის შესახებ დაიცვა. მას არაერთი აკადემიური ნაშრომი აქვს გამოქვეყნებული.

სხვათა შორის, კოლეჯში სწავლის პერიოდში ის სხვადსხვა წვეულებებზე მიმტანადაც კი მუშაობდა.
2000 წელს, ანგელა მერკელი ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის თავჯდომარე, ხოლო 2005 წელს კი, გერმანიის კანცლერი გახდა.

მიუხედავად იმისა, რომ მერკელს „რკინის ლიდერის“ იმიჯი აქვს, მას, როგორც ნებისმიერ ადამიანს, საკუთარი ფობიები აქვს. როგორც ბრიტანული გამოცემა Guardian-ი წერს, ანგელას ძაღლების ეშინია. ეს ფობია მას 1995 წელს გაუჩნდა, როდესაც ველოსიპედით სეირნობისას ფეხზე მონადირე ძაღლმა უკბინა. ამ ინციდენტის შემდეგ, მერკელის ადმინისტრაცია მასპინძელ მხარეს ამ გარემოების შესახებ წინასწარ აფრთხილებდა. სწორედ ესაა მიზეზი, თუ რატომ ვერ ნახავთ ძაღლებს კანცლერის ოფიციალური შეხვედრების დროს.

ეს წესი მხოლოდ ერთხელ, ვლადიმერ პუტინმა დაარღვია. 2007 წლის იანვარში, რუსეთის პრეზიდენტის საზაფხულო რეზიდენციაში სტუმრობის დროს, როდესაც ორი ლიდერი ფოტოგრაფებისთვის პოზირებდნენ, ოთახში პუტინის ლაბრადორი, კონი შემოვიდა. ერთი წლით ადრე, პუტინმა მერკელს სათამაშო ძაღლი აჩუქა. რა თქმა უნდა, კანცლერის ამ ფობიის შესახებ მან ძალიან კარგად იცოდა.
ანგელას პირველი მეუღლე ულრიხ მერკელი იყო. მოგვიანებით, რკინის ლედიმ აღიარა, რომ მისი პირველი ქორწინება შეცდომა იყო:
„ჩვენ დავქორწინდით, იმიტომ რომ მაშინ ყველა ქორწინდებოდა“.
მისი მეორე მეუღლე იოახიმ ზაუერია, რომელიც კვანტური ქიმიის დარგში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სპეციალისტად ითვლება.

|ვინ იყო ანგელა მერკელი გერმანიისა და ევროპისთვის
„მისი გზა მამაკაცი პოლიტიკოსების გვამებითაა მოფენილი“, – მერკელის პოლიტიკურ მოღვაწეობას მისი ოპონენტები ამ ფრაზით აფასებენ.
წამყვანი საერთაშორისო გამოცემები მერკელს მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ქალს უწოდებდნენ, აშშ-ში დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს კი „თავისუფალი მსოფლიოს ახალ ლიდერად“ მოიხსენიეს.
გერმანელებისთვის კი ის „მუთი“ (Mutti) – „დედა, დედიკოა“.

კანცლერის ფიცი რკინის ფრაუმ 2005 წლის 22 ნოემბერს დადო. გერმანიის პირველი ქალი კანცლერი 16-წლიანი კარიერის განმავლობაში 100-ზე მეტ სამიტს დაესწრო, აშშ-ის 4 პრეზიდენტთან ითანამშრომლა, გლობალური ფინანსური კრიზისი დაამარცხა, 2015 წელს გერმანიის საზღვარი მილიონამდე მიგრანტს გაუხსნა და ბრექსიტის მიუხედავად, ევროკავშირში პოლიტიკური სტაბილურობა შეინარჩუნა. მან კორექტული ურთიერთობა შეინარჩუნა რუსეთთანაც.
მერკელი გადაწყვეტილებებს ციფრებზე, ფაქტებსა და მონაცემებზე დაყრდნობით იღებდა. არასოდეს ჰყვებოდა ემოციებს და ხშირად ივიწყებდა იდეოლოგიურ სხვაობებს, როცა ეს გერმანიისთვის მომგებიანი იყო.

კანცლერის პოსტზე ყოფნის პერიოდში ანგელა მერკელმა ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. თუმცა, ანალიტიკოსები განსაკუთრებულ ყურადღებას მის მიერ მიღებულ ორ ისტორიულ გადაწყვეტილებაზე ამახვილებენ.
პირველი, ევროპაში მიგრანტთა კრიზისის დროს გადადგმული არაპოპულარული სვლა იყო – გერმანიის კანცლერმა ქვეყნის კარები გახსნა და მილიონზე მეტი ლტოლვილი შემოუშვა.
მეორე, ასევე ისტორიული გადაწყვეტილება კი, ატომურ ენერგიაზე უარის თქმაა. გერმანიაში ამ თემის ირგვლის კამათი დღემდე არ წყდება. განსაკუთრებით რუსეთთან ხელმოწერილი გაზსადენის პროექტ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გამო, რომელსაც ანგელა მერკელი პრაგმატული მოსაზრებებით ბოლომდე იცავდა.
|მერკელი და საქართველო
2008 წლის დასაწყიში პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უკრაინისა და საქართველოს NATO-ში გაწევრების ინიციატივით გამოვიდა, თუმცა მერკელმა ეს პროცესი, რუსეთის სავარაუდო რეაქციის გამო, დაბლოკა. მაშინ კანცლერი ევროპის აღმოსავლეთ საზღვარზე დესტაბილიზაციის გამოწვევას მოერიდა, თუმცა დამოკიდებულება მალევე შეიცვალა. სამხრეთ ოსეთის ოკუპირების შემდეგ მერკელმა ქვეყნის სამხედრო ალიანსში მისაღებად მზაობა გამოხატა.
კანცლერისთვის პრობლემის სიმძაფრე კიდევ უფრო ცხადი გახდა ყირიმის ანექსიის შემდეგ, როცა რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტული ომი გაამწვავა. მან სამხედრო ჩარევა გამორიცხა, თუმცა განაცხადა რომ რუსეთის ქმედებები მიუღებელი იყო და ევროპა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერდა.

2018 წლის 23 აგვისტოს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ანგელა მერკელმა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას „უსამართლობა“ უწოდა, თუმცა სიტყვა ოკუპაცია არ უხსენებია. მან
ღიად დაუჭირა მხარი ტერიტორიულ მთლიანობას, სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით გაგრძელებასა და საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავებას.
თუმცა, რუსეთის ენერგეტიკულ რესურსებზე დამოკიდებულების გამო, გერმანიის კანცლერი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ჭრილში პროცესების დაჩქარებისგან თავს იკავებდა.
მიუხედავად ამისა, ანგელა კრემლის პოლიტიკას პრაგმატულად უყურებდა. პუტინის ბუნდესტაგში გამოსვლის შემდეგ მერკელს ერთ-ერთი კოლეგისთვის უთქვამს – „ეს ტიპიური „კგბ“-ს რიტორიკაა. ამ ადამიანს არასდროს ენდოთ“.
მომზადებულია Washington post, DW, Guardian, BBC, TIME, Forbes-ის მიხედვით
ავტორი: ნინი ტაველიძე, საინფორმაციო სააგენტო PTN.ge











