“საარჩევნო რეფორმა არის ის, რისთვისაც ჩვენ, პარტია “მოქალაქეები” ვიბრძოდით და ეს არის რასაც ვთვლით, რომ მოვიპოვეთ, ეს არის გამოსავალი, რომ აღარასოდეს ამ ქვეყანაში არჩევნების შემდგომი დღე არ იყოს დაპირისპირების, ერთმანეთთან შუღლის და საზოგადოების გახლეჩვის საფუძველი, – ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, ჩვენ ვიწყებთ რეალურად მუშაობას იმ მემორანდუმზე, რომელიც ჩვენ, პარტია “მოქალაქეებმა” გავაფორმეთ “ქართულ ოცნებასთან”. იმისთვის, რომ აქ, ამ პარლამენტში ეს საარჩევნო რეფორმა მოგვეტანა ჩვენ მოგვიწია ძალიან ბევრი წინაღობის გადალახვა, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა მოვიტანეთ, მოვაწერეთ ხელი და დღეს უკვე იწყება მუშაობა იმისთვის, რომ ყოველი შემდგომი არჩევნები ამ ქვეყნაში ჩატარდეს „კარუსელების“, „მკვდარი სულების“, დაუბალანსებელი ოქმების და ათასი სხვა მანიპულაციის გარეშე და ყველა სხვა არჩევნები, რომელიც ამ ქვეყნაში ჩატარდება, პირველად 30 წლის შემდეგ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან იყოს გამჭვირვალე და აღარ დაისვას მთავარი კითხვა, გაყალბდა თუ არა არჩევნები?! ეს არის ის, რისთვისაც ჩვენ, პარტია “მოქალაქეები” ვიბრძოდით და ეს არის რასაც ვთვლით, რომ მოვიპოვეთ. არ მინდა დავუკარგო წვლილი ჩემს ოპოზიციონერ კოლეგებს, არ მინდა ვთქვა, რომ ეს მარტო ჩვენი მონაპოვარია, რა თქმა უნდა, მათ დაიწყეს ჩვენთან ერთად ამაზე მუშაობა და მივმართავ ისევ მათ, რომ შემოდით პარლამენტში და მივიყვანოთ ეს საქმე ბოლომდე, დასხედით ჩემს გვერდით და საარჩევნო რეფორმა დავუტოვოთ ამ ქვეყანას, იმიტომ, რომ ეს არის გამოსავალი, რომ აღარასოდეს ამ ქვეყანაში არჩევნების შემდგომი დღე არ იყოს დაპირისპირების, ერთმანეთთან შუღლის და საზოგადოების გახლეჩვის საფუძველი”,- განაცხადა ლევან იოსელიანმა.










