“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე გრიგოლ ვაშაძის პარტიიდან წასვლას სოციალურ ქსელში კიდევ ერთი პოსტით ეხმაურება.
გოცირიძის თქმით, ის და გრიგოლ ვაშაძე დაუნდობლად ებრძოდნენ ერთმანეთს და როგორც თავად იხსენებს, ერთხელ სეპარატიზმის მხარდაჭერაშიც კი დასდო ბრალი.
“სამარცხვინო ქართული პოლიტიკური ტრადიციაა, ჯერ ადამიანს ცამდე რომ აიყვან, მერე კი მიწაზე დაანარცხებ და ფეხებით შედგები.
სამი წელი დაუნდობლად ვებრძოდით მე და გრიგოლ ვაშაძე ერთმანეთს. მე ჩემსკენ ვექაჩებოდი, ის თავისკენ. საქმე იქამდე მივიდა, რომ სეპარატიზმის მხარდაჭერაშიც კი დამდო ბრალი. უსამართლო იყო რა თქმა უნდა მისი ეს ბრალდება, მაგრამ ღირსეულად ვითმენდი.
დიახ, ის მადრიდის რეალის მომხრე იყო, მე ბარსელონის. ის ერთგული ”მადრიდისტა” იყო თავისი შეგნებული ცხოვრების მანძილზე, მე კი ათ წელიწადში ერთხელ ვიცვლი გუნდს, ამა თუ იმ ფეხბურთელის ხათრით. ბარსელონა გვარდიოლას გამო მიყვარს. ახლა ძველი დიდების ნარჩენებია, მაგრამ გვარდიოლა ჯერ კიდევ სუნთქავს მასში. ახლა ”სიტისტი” ვარ გვარდიოლას ხათრით. ქინქლაძისაც. რა დრო იყო, სიტის რომ ვგულმშემატკივრობდი ყაველაშვილის გამო?
გრიგოლს ჰგონია, რომ გადმომიყვანა ”ნათელ მხარეზე”.
ამ სიტყვებით ახდენს ზეწოლას მოწინააღმდეგეზე. ცდება. აბა რეალი შეხვდეს სიტის?
ჰო და ამ პოსტის მორალი იმაშია, რომ გუშინ ხომ გადაუარეთ გრიგოლს, ახლაც შეგიძლიათ გააგრძელოთ ეს საქმე მილანელებო, კლოპისტებო, მბაპისტებო( ტყუილად ელის რეალში) და რა თქმა უნდა, საჩხერის ჩიხურისტებო.
ქოქოლა კი დაგაყარეთ თავზედა”, – წერს რომან გოცირიძე.
ბატონმა გრიგოლმა პარტიაში მოიტანა ბევრი რამ და არ წაუღია არაფერი – რომან გოცირიძე










