სამოქალაქო აქტივისტ სალომე ბარკერს რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქცია ლგბტქ+ სამკლაურის გამო დაატოვებინეს.
აღნიშნულ ფაქტს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აქციაზე სახელმწიფო სიმბოლიკის გარდა, სხვა ნებისმიერი სიმბოლიკის გამოყენების შემთხვევაში არ დაიშვებიან აქციაზე.
“რაღაც დაპირისპირება თურმე მომხდარა გუშინაც და დღესაც ჰქონდა გარკვეულ პროვოკაციას ადგილი.
ჩვენი მოძრაობა ემიჯნება ზოგადად ყოველგვარ ძალადობას. ზოგადად ჩვენი პოზიციაა, რომ მშვიდობიანი უნდა იყოს ჩვენი პროტესტი ყველა ეტაპზე.
იცით, რომ ჩვენი სახალხო მოძრაობა აერთიანებს ყველა ადამიანს და ყველა მოქალაქეს და ყველას აქვს უფლება, თავის მოქალაქეობრივ ფარგლებში გამოხატოს პროტესტი. ამიტომ, ის დაპირისპირებები, რაც აქ ხდება, ძალადობის ნაწილში, ვემიჯნებით.
დაპირისპირების მიზეზი შეიძლება გახდეს გარკვეული სიმბოლიკები და ჩვენ მუდმივად ვამბობთ, რომ ნებისმიერი ტიპის სიმბოლიკა, რაც არ არის სახელმწიფო სიმბოლიკა, არ დაიშვება ჩვენს აქციებზე და გთხოვთ, რომ ეს გაითვალისწინოთ”. – თქვა გოლეთიანმა.










