კარგი ვერსიაა, სამზარეულოში თავად დავამზადე „ნოვიჩოკი“, თვითმფრინავში წყნარად მოვწრუპე და ჩავვარდი კომაში, – ასე გამოეხმაურა რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი პუტინის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ნავალნიმ, შესაძლოა, მომწამლავი ნივთიერება თვითონვე დალია. ამის შესახებ ნავლნიმ სოციალურ ქსელ Instagram-ზე დაწერა.
„კარგი ვერსიაა. ვთვლი, რომ ყურადღებით შესწავლას იმსახურებს. სამზარეულოში თავად დავამზადე „ნოვიჩოკი“. თვითმფრინავში წყნარად მოვწრუპე ბოთლიდან. ჩავვარდი კომაში. მანამდე მოველაპარაკე მეუღლეს, მეგობრებს და კოლეგებს, რომ თუ ჯანდაცვის სამინისტრო დაჟინებით მოითხოვდა, რომ მე სამკურნალოდ გერმანიაში გადავეყვანე, მათ ეს არავითარ შემთხვევაში არ დაეშვათ. ომსკის საავადმყოფოში სიკვდილი და ომსკის მორგში მოხვედრა, სადაც სიკვდილის მიზეზად დაადგენდნენ „საკმარისად იცხოვრა“ – აი, ჩემი ეშმაკური გეგმის საბოლოო მიზანი. მაგრამ პუტინმა მომიგო, მას ასე ადვილად ვერ გააცურებ. საბოლოოდ, მე სულელს, კომაში ყოფნა 18 დღე მომიწია, მაგრამ ჩემსას ვერ მივაღწიე, პროვოკაცია არ გამომივიდა“,- წერს ნავალნი ინსტაგრამზე.
შეგახსენებთ, რომ 20 აგვისტოს ქალაქ ტომსკიდან მოსკოვში თვითმფრინავით მგზავრობისას, ალექსეი ნავალნი ცუდად გახდა, რის გამოც თვითმფრინავი ავარიულად, ომსკში დაეშვა, სადაც ნავალნი მოწამვლის სიმპტომებით რეანიმაციაში მოათავსეს.
22 აგვისტოს ალექსეი ნავალნი სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს.
2 სექტემბერს გერმანიის მთავრობამ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა და დაადასტურა, რომ ალექსეი ნავალნი „ნოვიჩოკის“ ნერვული აგენტითაა მოწამლული.
მოგვიანებით, ნავალნის გუნდმა სოციალური ქსელ Instagram-ზე განცხადება გაავრცელა. მათი თქმით, ალექსეი ციმბირის ქალაქ ტომსკის სასტუმროს ოთახში მოწამლეს და არა აეროპორტში.











