„ევროპარლამენტი აღიარებს საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ რეფორმებს, რაც აძლიერებს დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადმიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ უფლებებს“,- ამის შესახებ ჰოლანდიელმა ევროდეპუტატმა კატი პირიმ ევროპარლამენტში გამართული დებატების დროს განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში ჯერ კიდევ ბევრი გასაკეთებელი საქმეა.
„ეს დებატები ცხადყოფს, რომ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ევროპულ გზაზე. ცხადია, ვიცით, რომ საქმე ჯერ კიდევ გასაკეთებელია. მინდა, ყურადღება გავამახვილო ორ საკითხზე, რომელიც მოითხოვს საქართველოს განსაკუთრებულ ძალისხმევას: პირველი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ასოცირების შეთანხმების შესასრულებლად არის მთავრობის მიერ კანონის უზენაესობის განმტკიცება და მართლმსაჯულების რეფორმის გაგრძელება. მეორე და ასევე მნიშვნელოვანი არის მედიათავისუფლება. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ საქართველოს მედიალანდშაფტი არის პოლიტიზებული. ახლა, როდესაც საქართველოზე ვსაუბრობთ არჩევნების წინ, ჩვენ ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობის დიდ ტვირთს, რომელიც ყველა პოლიტიკურ პარტიას აწევს მხრებზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები“, – აღნიშნა კატი პირიმ.
მისივე თქმით, საქართველომ რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში გრძელი გზა გამოიარა და იმსახურებს ევროკავშირისგან მხარდაჭერას.
„ბოლოს კი პოზიტივით დავასრულებ – საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ჩემს გულშია, სადაც ჩემი მეგობრები ცხოვრობენ. საქართველომ დიდი გზა გამოიარა დემოკრატიის, თავისუფლებისა და კეთილდღეობის მისწრაფებაში და ეს ხდება ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში. ევროკავშირმა ეს უნდა გააცნობიეროს და იყოს რეფორმების გაგრძელების მთავარი მოტივატორი. ქართველი ხალხი ნაკლებს არ იმსახურებს“, – განაცხადა კატი პირიმ.
ევროპალრამენტში საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ ანგარიში განიხილეს. ხვალ ევროდეპუტატები ანგარიშის შესწორებებს უყრიან კენჭს, ხოლო ოთხშაბათს საბოლოო კენჭისყრა გაიმართება.











