“საქართველოს ბანკმა” ზუგდიდში, ბანკის ერთ-ერთ ფილიალში მომხდარი ინციდენტისა და ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ განცხადება გაავრცელა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ გუშინდელ მოვლენებში ჩართული ბანკის ყველა თანამშრომელი, მომხმარებელი და პოლიციელი ახლა უსაფრთხოდაა.
“გუშინდელ მოვლენებში ჩართული ყველა თანამშრომელი, მომხმარებელი და პოლიციელი ახლა უსაფრთხოდ და ჯანმრთელადაა. აუცილებლად ვიპოვით გზას, რომ თითოეულის ცხოვრება მალე დაუბრუნდეს ჩვეულ რეჟიმს. მადლობა გულშემატკივრობისთვის,”- ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები 21 ოქტომბერს აიყვანა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.
თავდამსხმელი შენობიდან 3 მძევალთან ერთად გამოვიდა. როგორც კადრებში გამოჩნდა, მას შენობის დატოვების დროს ერთი ხელი აწეული ჰქონდა და სავარაუდოდ ხელში ხელყუმბარა ეკავა.
22 ოქტომბერს, გამთენიისას შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
ხოლო დამნაშავის დაკავების მიზნით სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები.











