ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ზამთრის კურორტების სასატუმროების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა და მინისტრმა პირადად ზამთრის კურორტებზე მდებარე სასტუმროების წარმომადგენლებისგან მოისმინა ის პრობლემები, რომელიც მათ ამ ეტაპზე დაუდგათ.
თურნავას თქმით, ზამთრის კურორტებზე მდებარე სასტუმროების მუშაობა იანვრის ბოლომდე შეჩერდება.
„მოვისმინეთ ის საჭიროებები, რაც კონკრეტულად ზამთრის კურორტებზე მდებარე სასტუმროებს გაუჩნდათ – ეს არის სპეციფიკური საჭიროებები, ვინაიდან საქართველოს სხვა რეგიონებში სასტუმროები ფუნქციონირებას აგრძელებენ, აქ კი იძულებულები გავხდით, იანვრის ბოლოდმე შეგვეჩერებინა ზამთრის კურორტებზე მდებარე სასტუმროების მუშაობა. ცხადია, მათ აქვთ პრობლემები, რომელთა გადაწყვეტაზეც ჩვენ ერთობლივად ვიმუშავებთ, იქნება ეს ბანკებთან შუამდგომლობა, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ გარკვეული კომპონენტის მათზე უკეთ მორგება თუ სხვა, მათთვის მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტა“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.











