სომხეთის პრეზიდენტს, არმენ სარქისიანს არ სურს, რომ პოლიტიკურ პროცესებში ჩართონ.
„შექმნილ ვითარებაში, არავინ არავითარი სახით, არ უნდა შეეცადოს, ჩართოს პრეზიდენტი პოლიტიკურ პროცესებში. დაუშვებელია პრეზიდენტზე ნებისმიერი ზეწოლის მცდელობა“, – ნათქვამია სომხეთის პრეზიდენტის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თანამდებობიდან გაათავისუფლა სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ონიკ გასპარიანი, რომელმაც მანამდე მისი გადადგომა მოითხოვა.
ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მოთხოვნა მისი გადადგომის შესახებ სამხედრო გადატრიალების მცდელობაა.
შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მთავრობას არ შეუძლია, მიიღოს ადეკვატური გადაწყვეტილებები ხალხისთვის კრიზისულ ვითარებაში.
მოგვიანებით სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ მხარდამჭერებთან მივიდა და მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა.
მსვლელობის პარალელურად, ოპოზიციურმა ძალამ “მოძრაობა სამშობლოს გადასარჩენად“ მოქალაქეებს მოუწოდა, 15:00 საათისთვის თავისუფლების მოედანზე შეიკრიბონ და სომხეთის შეიარაღებულ ძალებს მხარდაჭერა გამოუცხადონ.
ერევანში ამ დროისთვის შედარებით მშვიდი ვითარებაა. ნიკოლ ფაშინიანის მოწყობილი აქცია დასრულდა და პრემიერმა თავის მომხრეებს სახლებში წასვლისკენ, ხოლო ოპოზიციას მოლაპარაკებისკენ მოუწოდა.











