შეშლილი ბოლტონის წიგნი ტყუილებზე და ცრუ ისტორიებზეა აგებული,- აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჯონ ბოლტონის გამოუქვეყნებელ წიგნს სოციალურ ქსელ Twitter-ზე ეხმაურება.
„ის ჩემზე პრესაში სულ კარგ რაღაცებს ლაპარაკობდა, სანამ ერთ დღეს არ გავანთავისუფლე. გაბრაზებული, მოსაწყენი სულელი, რომელიც მხოლოდ ომზე ფიქრობდა. აი, რეგვენი“,- წერს ტრამპი.
ცნობისთვის, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ყოფილი მრჩევლის მემუარების ნაწყვეტები Wall Street Journal-ში, New York Times-სა და Washington Post-ში გამოქვეყნდა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ბოლტონის წიგნის გამოქვეყნებამდე მის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.
წიგნი 23 ივნისს უნდა გამოვიდეს.
ჯონ ბოლტონის წიგნში „ოთახი, სადაც ეს მოხდა – თეთრი სახლის მემუარები“ აღწერილია მისი დონალდ ტრამპთან მუშაობის პერიოდი.
გამომცემლობა Simon & Schuster-ის ინფორმაციით, წიგნი შეიცავს ინფორმაციას ტრამპის „არათანმიმდევრული გადაწყვეტილების მიღების პროცესის შესახებ“ და ეს არის წიგნი, „რომლის წაკითხვაც ტრამპს არ სურს“.
დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველი, ჯონ ბოლტონი 2019 წლის სექტემბერში გარკვეულ საგარეო საკითხებთან დაკავშირებით უთანხმოების გამო გაათავისუფლა.











