მოძრაობა „სირცხვილიამ“ პარლამენტთან სირცხვილის კორიდორი მოუწყო „ნაციონალურ მოძრაობას“.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათთვის გაურკვეველია, რატომ შევიდა ოპოზიცია პარლამენტში მას შემდეგ, რაც 7 თვის მანძილზე ბოიკოტს აცხადებდნენ.
აქციის ერთ-ერთი მონაწილე ამბობს, რომ ეს აქცია არ არის მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და აპროტესტებენ ოპოზიციის დღევანდელ გადაწყვეტილებას.
დღეს, 8 ივნისს ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში პირველად მივა. 30 მაისს პარტიამ საკანონმდებლო ორგანოში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. მიუხედავად ამისა, პარტია შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს. გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს შემდეგ გახდა ცნობილი. იმავე დღეს საქართველოში ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნეს, რომ ნაციონალური მოძრაობის პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას მიესალმებიან, მაგრამ წუხან ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის არმოწერის გამო.











