მარნეულის მუნიციპალიტეტის, სოფელ ულაშლოს, საჯარო სკოლის დირექტორი, ამავე სკოლის 11 წლის მოსწავლეზე ძალადობის ფაქტს უარყოფს და აცხადებს, რომ მასზე ბრალდება პოლიტიკური ნიშნით ხდება. დირექტორის აჰმედ გაჯიევის თქმით, მოზარდისთვის არ დაურტყამს და თავს დამნაშავედ არ გრძნობს.
„ამ ამბავში დამნაშავე არ ვარ, სულ ტყუილად გამხვიეს შარში, ეს პოლიტიკური ამბავია. ვინც მე მიჩივლა ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერია და ამიტომ გადამეკიდა. როცა გავიგე ბავშვების კონფლიქტის ამბავი, ყველა კაბინეტში შევიყვანე, დაველაპარაკე, ვუსაყვედურე საქციელის გამო და ავუხსენი, რომ მსგავსი მოქცევა და სკოლის ინვენტარის გაფუჭება არ შეიძლება, მეტი არაფერი მომხდარა. არანაირი ფიზიკური ძალადობა არ ყოფილა.” – ამბობს სკოლის დირექტორი.
საპირისპიროს გვიყვება მოზარდი, ამბობს რომ დირექტორმა გულ-მკერდის არეში დაარტყა და კედელზე სამჯერ თავი მიარტყმევინა.
ბავშვის ბაბუა შირქან ქერიმოვი ამბობს, რომ ამ ამბავში არანაირი პოლიტიკური ამბავი არ არსებობს და ბავშვის ცემისთვის სკოლის დირექტორმა სასჯელი უნდა მიიღოს.
„ბავშვი სცემა, რა შუაშია პოლიტიკური ამბავი, ჩემი შვილიშვილი ჰყვება, რომ დირექტორმა გულმკერდში დაარტყა და მერე თავი რამდენჯერმე კედელზე მიარტყმევინა, ბავშვმა გონებაც კი დაკარგა და მასწავლებლებმა მოასულიერეს.
ამის შესახებ რომ გავიგე, მარნეულის რესურსცენტრში დავრეკე. მითხრეს, რომ განცხადება უნდა დამეწერა, მე გავუთიშე ყურმილი და 112-ში გადავრეკე, ვუამბე ეს ამბავი, პოლიციაში ვუჩივლე, პასუხი უნდა აგოს თავის საქციელზე.” – ამბობს მოზარდის ბაბუა.
საქმეზე შსს-მ გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის, 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
ავტორი: მარიამ ქველაძე











