სოხუმმა საქართველოს მოქალაქე პენსიონერებს პენსიის და სოციალური დახმარების აღების შესაძლებლობა მისცა.
„გალ ტვ“-ეს ინფორმაციით, მათ ხიდის კვეთის უფლება აქვთ, სადაც საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, კონტროლირებად ტერიტორიაზე ელოდებათ მანქანა კუთვნილი პენსიის მისაღებად. ამას გარდა, იქვეა აფთიაქი, სადაც საჭირო მედიკამენტებს შეიძენენ. ამის შემდეგ ისინი ისევ უკან ბრუნდებიან. მათ ზუგდიდისკენ გზის გაგრძელების უფლება აღარ აქვთ.
მათივე ცნობით, ეს ყველაფერი გაეროს ლტოლვილთა კომისარიატის ორგანიზებით ხდება.
საქმის კურსშია ე.წ. აფხაზური პოლიციაც. აქეთ გადმომსვლელთა სიები ოკუპირებულ ტერიტორიაზე დგება, „სოფლის რწმუნებულებთან“. გალელებს გადაადგილებისას ხვდებათ ყველა საჭირო აღჭურვილობა უსაფრთხოებისთვის.
მოქალაქეებს მიკროავტობუსი ემსახურება, რომელსაც ერთჯერადად ათი პირი გადმოჰყავს.
ხიდის გადაკვეთის უფლება გალის მცხოვრებლებს 16 ოქტომბრიდან მიეცათ.
მოქალაქეთა მიერ დე ფაქტო საზღვრის გადაკვეთა და უკან დაბრუნება გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ეგიდით ხდება კვირაში სამჯერ – ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს.
ავტორი: თეა შონია











