მამუკა ხაზარაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, ამის შესახებ „პრაიმტაიმნიუსს“ პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს. როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აღნიშნეს, ხაზარაძე კორონავირუსზე მკურნალობას კვლავ ბოჭორიშვილის კლინიკაში აგრძელებს.
„მამუკა ხაზარაძე რჩება ბოჭორიშვილის კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. მას ახალი სიმპტომები არა აქვს, ტემპერატურა ქვემოთ ჩამოვიდა, თავს გრძნობს მხნედ და ჯანმრთელად. ის ჩართულია ონლაინ საარჩევნო კამპანიაში.
ბატონი მამუკა ლიდერია და იყო საჭირო, რომ ის საარჩევნო კამპანიაში უფრო აქტიურად ყოფილიყო ჩართული, მაგრამ „ლელო“ ბევრი ლიდერის პარტიაა, ასე, რომ ყველა ლიდერი თავის საარჩევნო ოლქში აგრძელებს აქტიურად თავის საარჩევნო კამპანიას.
„ლელოში“ ინფიცირების ახალი შემთხვევები გამოვლენილი არ არის“ – განაცხადეს პარტიის პრესსამსახურში.
ინფორმაციისთვის, „ლელოს“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, მამუკა ხაზარაძეს კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა. ის ბოჭორიშვილის კლინიკაში მას შემდეგ გადავიდა, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.










