ეს ოპოზიციური ძალები, ვინც გუშინ და დღეს საოლქო კომისიის შენობების წინ არიან, ატყუებენ საკუთარ ამომრჩევლებს, რომ თითქოს ისინი არიან ბევრნი და წუთი წუთზე ქვეყანაში რევოლუციური სცენარი დაიწყება და გადატრიალდება ქვეყანა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პარტიული სიის მეოთხე ნომერმა თეა წულუკიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„მათ აქვთ ერთადერთი მიზანი, რომ როგორმე ქვეყანა აირიოს. მიუხედავად იმისა, რომ მათ ამის ძალა და რესურსი არა აქვთ. მას ამის უფლებას არც ხელისუფლება და სახელმწიფო სტრუქტურები მისცემენ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები საერთაშორისო დამკვირვებლებმა შეაფასეს და აღნიშნეს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე ფუნდამენტური თავისუფლება და პროცედურების უმეტესობა დაცული იყო. ამის მიუხედავად, მეხუთე დღეა ოპოზიციის წარმომადგენლები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. 9 ზღვარგადალახული პარტიიდან 8 პარტია პარლამენტში შესვლას არ აპირებს.
არ წყდება საპროტესტო აქციები. ოპოზიციური პარტიები ცესკოს ხმების მოპარვაში ადანაშაულებენ.
დღეს, 5 ნოემბერს, თბილისსა და ქუთაისში, რამდენიმე საოლქო კომისიის შენობასთან გაერთიანებული ოპოზიციის აქცია გაიმართა.
ასევე ხმაური იყო 4 ნოემბერს, საქართველოს რეგიონებში, სხვადახვა საარჩევნო ოლქში.










