თელავის ცენტრში, მუნიციპალიტეტის მერიის შენობასთან ძაღლმა, შუახნის ქალი დაკბინა. თვითმხილველების ინფორმაციით, ცხოველი ქუჩაში მიმავალ ქვეითს მოულოდნელად დაესხა თავს.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ფეხში დაკბენილი ქალი, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ექიმების განმარტებით, მას გადაუდებელი დახმარების ღონისძიებები უტარდება.
კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, „პრაიმტაიმნიუსს“ განუმარტეს, რომ ინტერმუნიციპალური აიპი, რომელიც კახეთში მიუსაფარი ძაღლების თავშესაფრის მართვისთვის შეიქმნა, ზაფხულში ამოქმედდება.
მოქალქეების ძაღლებისგან დაკბენის ფაქტი, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის შენობასთან, სამი დღის წინაც დაფიქსირდა.
ძაღლმა შუა ხნის მამაკაცს დაზიანება ქვედა კიდურების არეში მიაყენა. რამდენიმე წელია, თელავში მიუსაფარი ძაღლები, ქალაქის ცენტრში ჯგუფებად გადაადგილდებიან და მოქალქეებს, ხშირად ესხმიან თავს. გადაუჭრელი პრობლემის შესახებ, პრაიმტაიმი რამდენჯერმე წერდა.
ავტორი: თეა შონია










