2020 წელს დაწყებული პოლიტიკური დაძაბულობით რთულია მდგრადი სტაბილურობის განვითარება, მაგრამ პოლიტიკური კრიზისი მოლაპარაკებებში ჩართულმა ორივე მხარემ უნდა დაასრულოს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა განაცხადა, რითაც საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებას გამოეხმაურა
„გვსურს ვიხილოთ შეთანხმება, პოლიტიკური სტაბილურობა და თანამშრომლობა. ეს ახლა ჩვენი მთავარი ინტერესია. გვსურს ვნახოთ საქართველო, რომელიც ასრულებს ასოცირების ხელშეკრულებას, ამიტომაც პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად ვიყენებთ სხვადასხვა შესაძლებლობებს.
პოლიტიკური დაძაბულობა საქართველოში ახალი ფენომენი არაა. 2020 წელი სრულად იყო სხვადასხვა მოვლენებით დატვირთული. მაჩვენეთ რომელიმე ნორმალური ქვეყანა, რომელიც ამ პრობლემებით მდგრად სტაბილურობას განავითარებს. ეს უნდა იყოს დაძლეული. ვფიქრობ, ეს საკითხი მალე მოგვარდება, მაგრამ გამოსავლის მიღწევა ორივე მხარისგან კომპრომისს მოითხოვს. ეს კი დაგვანახებს საქართველოს პოლიტიკურ სიმწიფეს. ვიცი, რომ ეს რთულია. თქვენს პოლიტიკოსებს სისხლი უდუღთ, რაც ქართული ტრადიციაა, მაგრამ გამოსავლის ძიება ეროვნული ინტერესია,” – განაცხადა პეტრას აუსტრევიჩუსმა.











