„ფსიქტრიული ექსპერტიზით დადგინდება ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დანაშაულის ჩადენის დროს, ბუნებრივია, ეს გავლენას მოახდენს საქმის წარმოებაზე“,- ამის შესახებ საქმის პროკურორმა, ლუკა გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
პროკურორის განმარტებით, იყო ახალი დანაშაულის და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე, რაც სასამართლომ გაიზიარა.
„ბრალდების მხარის შუამდგომლობა იყო რომ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად გამოყენებული ყოფილიყო პატიმრობა. ჩვენს მიერ დასაბუთებული იყო მითითებული შუამდგომლობა, რომ სახეზე იყო ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, იყო მტკიცებულებების განადგურების საფრთხე, რაც გაიზიარა სასამართლომ. ასევე, მნიშვნელოვანი იყო ის გარემოება, რომ ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კონკრეტულად დანაშაულის ჩადენის დროს როგორი იყო, ჩვენ მიერ დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც დაადგენს დანაშაულის ჩადენის დროს მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ასევე იმ გარემოებას ხომ არ წარმოადგენს იგი საფრთხეს საზოგადოებისთვის და ხომ არ არსებობს მომავალშიც დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არამხოლოდ მომხდარ დანაშაულზე რეაგირება, არამედ სავარაუდოდ, მომავალში შესაძლო დანაშაულზე პრევენცია და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა. ამ მიზნით ჩვენს მიერ მიღებული იყო პატიმრობის გადაწყვეტილება და სასამართლომ გაიზიარა ჩვენი შუამდგომლობა და ბრალდებულს შეუფარდა პატიმრობა. ფსიქტრიული ექსპერტიზით დადგინდება ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დანაშაულის ჩადენის დროს, ბუნებრივია, ეს გავლენას მოახდენს საქმის წარმოებაზე თუ დადგინდება, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენის დროს იყო შეურაცხადი“, – განაცხადა ლუკა გამყრელიძემ.
ზურაბაშვილის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა ბრალდებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
შეგახსენებთ, რომ 20 ნოემბერს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემბისის” თავს დაესხა მოქალაქე ლევან ზურაბაშვილი და მძევლები აიყვანა. ზურაბაშვილმა მოთხოვნებიც წამოაყენა: აზარტული თამაშების გაუქმება, წამლების ფასისა და საბანკო პროცენტების შემცირება.
ზურაბაშვილი ამჟამად დაკავებულია და ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.











