„პირველი შეხვედრისგან ის განსხვავებაა, რომ წინ გადაიდგა ნაბიჯი იმ თვალსაზრისით, რომ კონკრეტულ წინადადებებზე ვისაუბრეთ“, – ამის შესახებ „რესპუბლიკელების“ წევრმა ხათუნა სამნიძემ ჟურნალისტებს განუცხადა მას შემდეგ, რაც ოპოზიციის წევრები ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელს, კრისტიან დანიელსონს შეხვდნენ.
სამნიძის თქმით, როგორც კრისტიან დანიელსონისგან მისთვის არის ცნობილი, საბოლოო შეთანხმების მისაღწევად, მხარეები ისევ უნდა შეხვდნენ ერთმანეთს და არის იმის მოლოდინი, რომ ასეთი შეხვედრა დღის განმავლობაში გაიმართება.
„ძალიან სერიოზული შეხვედრა იყო იმ თვალსაზრისით, რომ ყველა საკითხზე, რომელიც შარლ მიშელის მიერ მომზადებულ დოკუმენტშია ჩამოთვლილი, დაწვრილებით ვისაუბრეთ. იყო პროდუქტიული შეხვედრა, რადგან კონკრეტიკაზეც შევძელით ლაპარაკი.
რა თქმა უნდა, არ შემიძლია, ვილაპარაკო დეტალებზე და შინაარსზე, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ პოზიტიურად ვარ განწყობილი იმისთვის, რომ ეს მოლაპარაკებები წარმატებით დამთავრდეს, რაც ნიშნავს შეთანხმებას ამ ძალიან რთულ ვითარებაში და რაც ნიშნავს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე კომპრომისს.
შეთანხმება ნიშნავს კომპრომისზე წასვლა და ეს ყოველთვის ეკუთვნის მოლაპარაკებების ორივე მხარეს. ამიტომ, მაქვს იმედი, რომ შევძლებთ ქვეყნის სტაბილური, დემოკრატიული განვითარების მიზნით კრისიზისის გადაჭრას და ეს კომპრომისები იქნება ორმხრივი“, – განაცხადა სამნიძემ.
ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს 12 მარტს ეწვია. ის ხელსიუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრას მართავს და მთავარ პოლიტიკურ პროცესში მედიატორის როლს ასრულებს.










