“ვადამდელი არჩევნები არის ასეთი მასშტაბის პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის აპრობირებული, სტანდარტული გზა ნებისმიერ განვითარებულ დემოკრატიაში. რაც შეეხება იმას თუ როდის უნდა ჩატარდეს, ჩემი პოზიცია არის – რაც შეიძლება სწრაფად!”, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
„ასეთი მასშტაბის კრიზისი როდესაც გაქვს, როცა მოსახლეობის ნახევრის მიერ არჩეული არც ერთი პოლიტიკოსი პარლამენტში არ შედის, გასაგებია, რომ კრიზისი ძალიან ღრმა არის და მისი განმუხტვის სტანდარტული გზაა ვადამდელი არჩევნები. რაც შეეხება იმას თუ როდის უნდა ჩატარდეს, ჩემი პოზიცია არის – რაც შეიძლება სწრაფად! უბრალოდ მოსაფიქრებელი არის და, ჩემი აზრით, ახლა არის ამაზე ფიქრის დრო, თუ როგორ უნდა მივიდეთ მანდამდე, იმიტომ, რომ ერთი ვერსიაა, რომ თუ შედგა მოლაპარაკება და შეთანხმება, იქ მოხდეს, მაგრამ ამ წუთის მდგომარეობით მეხუთე რაუნდი არ ჩაინიშნა, რაც მაფიქრებინებს, რომ ვერ მოხდა პოზიციების დაახლოება მომლაპარაკებლების მიერ. მეორე ვარიანტია, უკვე, რომ მოლაპარაკება ვერ შედგა, პოლიტიკური კრიზისი ასე ვერ განიმუხტა და მაშინ სხვა გზით მივდივართ იმ რეალობამდე, როცა ივანიშვილი თმობს ძალაუფლებას და კარგ შემთხვევაში, ეს არის ვადამდელი არჩევნების გზით. მაგ ნაწილში ჯერ კიდევ არის ბევრი კითხვის ნიშანი და მთავარი კითხვა ჩემს ამომრჩევლებსაც, მათ შორის, და მგონია, რომ არამხოლოდ ჩემს ამომრჩევლებს, აქვთ სწორედ ეს, თუ როგორ მივდივართ იქამდე, როგორ ვაღწევთ ძალაუფლების დათმობას ივანიშვილის მხრიდან, თუნდაც ვადამდელი არჩევნებით. მე ჯერ ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს და გულწრფელად ვამბობ, რომ ამაზე ვფიქრობ და ეს არის მოსაფიქრებელი. ვხედავ ოპოზიციის მხრიდან სტანდარტულ ნაბიჯებს, რომლებმაც უკანასკნელი წლების განმავლობაში არაერთხელ გვაჩვენა, რომ ეს ნაბიჯები არაეფექტურია და არ მუშაობს და, ჩემი აზრით, მოსაფიქრებელია რაღაც სხვა, განსხვავებული, ახალი ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისითაც და არაფერი იმაში ცუდი და ნეგატიური არ არის, ვთქვათ, რომ ეს გვაქვს მოსაფიქრებელი,“- განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.











