ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებული სამივე პირი – ვაჟა გიგაუი, სულიკო საყევარაშვილი და გიორგი სახელაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდებიან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ისინი დამნაშავედ ცნო და 6 თვიანი პატიმრობა შეუფარდა, რომლის ვადაც დღეს იწურება. შესაბამისად, სამივე პირი დღესვე გათავისუფლდება.
ცნობისთვის, სამართალდამცავებმა ვახო სანაიას მიმართ, მისი პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე 3 პირი დააკავეს.
მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.











