ბელარუსში ლუკაშენკოს გადაყენების მოთხოვნით დაწყებული გამოსვლები არ წყდება. ქვეყანაში საპროტესტო აქციების მეორე ტალღა 25 ოქტომბრიდან მას შემდეგ განახლდა, რაც ოპოზიციის მიერ ბელარუსის მთავრობისთვის წაყენებული ულტიმატუმის ვადა უშედეგოდ ამოიწურა.
კერძოდ, ულტიმატუმი 3 მოთხოვნისგან შედგებოდა:
„რეჟიმს 13 დღე აქვს, იმისთვის, რომ:
- ლუკაშენკომ გადადგომის შესახებ განაცხადოს;
- ქუჩებში ძალადობა სრულად უნდა შეჩერდეს;
- ყველა პოლიტპატიმარი უნდა გაათავისუფლონ“.
| ულტიმატუმის ვადის ამოწურვის შემდეგ განვითარებული მოვლენები
ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. ხელისუფლება კი მასობრივი აქციების ჩასახშობად ყველაფერს აკეთებს.
25 ოქტომბერს ბელარუსის ქუჩებში 100, 000 ადამიანი გამოვიდა. საპროტესტო ტალღის შესაჩერებლად ხელისუფლებამ 12 მეტროსადგური დახურა და მობილური ინტერნეტით სარგებლობა შეზღუდა.
Силовики со щитами и дубинками выстроились у студенческого общежития технического университета в Минске. Территорию там зачистили, студентов затолкали в общежитие, вахтерша закрыла дверь, сообщает Tut by. А так выглядят минские улицы, куда сегодня стянули силовиков и спецтехнику pic.twitter.com/3z56HH7NGl
— DW на русском (@dw_russian) October 25, 2020
ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა კი განაცხადა, რომ ხალხი იმ დემონსტრაციებს არ უნდა ესწრებოდეს, რომელზეც ნებართვა გაცემული არ არის.
DW-ს ინფორმაციით, სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს თავს დაესხა. პოლიციამ მათ დასაშლელად რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
ასევე, აქციის დროს დააკავეს ჟურნალისტებიც, რომლებიც მიმდინარე მოვლენებს აშუქებდნენ.
ბელარუსის შსს-ს ინფორმაციით, მასობრივი ღონისძიებების შესახებ კანონმდებლობის დარღვევისთვის ქვეყანაში 25 ოქტომბერს 523 ადამიანი დააკავეს. აქედან 160 მინსკში.
26 ოქტომბერს ბელარუსში მუშებმა, სტუდენტებმა და პენსიონერებმა საყოველთაო გაფიცვები დაიწყეს. ბელარუსის ოპოზიციის ლიდერ, სვეტლანა ტიხანოსვკაიას განცხადებით, გაფიცვაში მონაწილეობდნენ სახელმწიფო ქარხნებისა და საწარმოების მუშები, ტრანსპორტის თანამშრომლები, მეშახტეები, მასწავლებლები და სტუდენტები.
ტიხანოვსკაიამ მოქალაქეებს გამოხატული უზარმაზარი სოლიდარობისთვის და პროტესტის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა.
ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 26 ოქტომბერს ქვეყანაში მასობრივი ღონისძიებების შესახებ კანონმდებლობის დარღვევისთვის, 581 ადამიანი დააკავეს.
უწყების მტკიცებით, აქციის მონაწილეებმა გზების გადაკეტვა სცადეს და სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს.
როგორც ადგილობრივი მედია უფლებადამცველებზე დაყრდნობით იტყობინება, მინსკის გარდა, დემონსტრანტები დააკავეს ბრესტში, ვიტებსკში, გომელსა და სხვა ადგილებში.
27 ოქტომბერს ლუკაშენკომ დემონსტრანტებს წითელი ხაზის გადაკვეთაში დასდო ბრალი და აღნიშნა, რომ როდესაც „წითელ ხაზს კვეთენ, ხელისუფლება ვალდებულია იმოქმედოს.
ასევე, ლუკაშენკომ უმაღლეს სასწავლებლებს იმ სტუდენტების გარიცხვისკენ მოუწოდა, რომლებიც „არასანქცირებულ მიტინგებში“ მონაწილეობენ.
„სტუდენტებს, რომლებსაც სწავლა სურთ, ისწავლონ. ის კი, რომელმაც არასანქცირებულ აქციებში მონაწილეობით კანონი დაარღვია, კარგავს უფლებას იყოს სტუდენტი. გაუშვით ისინი ზოგი არმიაში, ზოგიც – ქუჩაში, დაე, იარონ ქუჩებში, მაგრამ უნივერსიტეტებიდან გარიცხულები უნდა იყვნენ,“- განაცხადა ლუკაშენკომ.
დღეს, 29 ოქტომბერს კი ცნობილი გახდა, რომ ალექსანდრე ლუკაშენკომ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი იური კარაევი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ჯერჯერობით უცნობია, ვინ ჩაანაცვლებს კარაევს.
რაც შეეხება ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას, სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ის თვითიზოლაციაში იმყოფება.
| საერთაშორისო საზოგადოება – გამოხმაურებები
ევროპარლამენტმა ბელარუსში აგვისტოში ჩატარებულ არჩევნებს გაყალბებული უწოდა და არ აღიარა. ევროპარლამენტის თქმით, 5 ნოემბრიდან, როცა ლუკაშენკოს უფლებამოსილების ვადა ამოეწურება, პრეზიდენტად აღარ აღიარებენ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის, მორგან ორტაგუსის განცხადებით, აშშ განაგრძობს ბელარუსი ხალხის მისწრაფებების მხარდაჭერას.
The United States and the world stand in solidarity with the people of Belarus. They have demonstrated remarkable courage and strength in the face of brutal repression. We will continue to support their legitimate aspirations. https://t.co/JtdLWbcGET
— Morgan Ortagus (@statedeptspox) October 27, 2020
ბალტიის ქვეყნებმა ლუკაშენკო პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადეს.
ევროპარლამენტმა ბელარუსში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო.
თუმცა, იმის ფონზე, რომ მნიშვნელოვანი საერთაშორისო სისტემური აქტორები ბელარუსში ჩატარებულ არჩევნებს არ ცნობენ კრემლი ალექსანდრე ლუკაშენკოს ბელარუსის ლეგიტიმურ პრეზიდენტად ცნობს.
ლუკაშენკოს გაპრეზიდენტება მიულოცეს სომხეთის, აზერბაიჯანის, ჩინეთის პირველმა პირებმა,. ასევე, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა.
ავტორი- ნინი ტაველიძე, PTN.GE











