აჭარის მთავრობის სახლთან ე. წ. „თავისუფლების კვარტალში” ოპოზიციური ერთობის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, ცესკოსა და უსკოს თავმჯდომარეების გადადომა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.
როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, აქციები კვლავ გაგრძელდება მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერისა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატის ელგუჯა ბაგრატიონის განცხადებით, ოპოზიციონერი დეპუტატები უარს აცხადებენ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის მანდატებზე და დღეს მიმართავენ სიების განულების მოთხოვნით უსკოს.
“როგორც საქართველოს პარლამენტში არ შევიდა არც ერთი ოპოზიციური ძალა, აჭარის უმაღლეს საბჭოშიც არ შედის არც ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი, სადაც “რუსული ოცნების” საბჭოთა დეპუტატები დაჯდებიან და საკუთარი კეთილდღეობისთვის იზრუნებენ.
რა თქმა უნდა, ჩვენ ვრჩებით ჩვენი ხალხის ერთგული და არც ერთი არ ვაპირებთ უმაღლეს საბჭოში შესვლას.
დღეს მივმართავთ სიების განულებით და ამის შემდეგ, როგორც კი სიები განულდება, უმაღლესი საბჭოს ყველა ოპოზიციონერი დეპუტატი, ვინც მანდატი მიიღო, დაწერს განცხადებას და დატოვებს “რუსულ ოცნებას” იმ საბჭოთა უმაღლეს საბჭოში, რომელიც უახლოეს დღეებში შეიკრიბება.
დღეს უკვე 40 დღეა, რაც აქციები მიმდინარეობს, ეს აქციები გაგრძელდება უწყვეტ 24 საათიან რეჟიმში და იქნება მანამ, სანამ არ იქნება ის მოთხოვნები დაკმაყოფილებული, რაც აქვს საქართველოს თავისუფალ, დამოუკიდებელ მოსახლეობას”- ელგუჯა ბაგრატიონი.
შეგახსენებთ, აჭარაში 31 ოქტომბრის არჩევნებში ბარიერი ორმა პარტიამ, “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთიბაშია”, გადალახა.
აჭარის უმაღლეს საბჭოში ოპოზიციამ 7 მანდატი მოიპოვა.











