ამ წუთებში აჭარის მთავრობის სახლთან ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანასა და წაბლიანის სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. აქციის მონაწილეები სახელმწიფოს მიერ ბათუმში სამი წლის წინ გადაცემული საცხოვრებელი ბინების გარემონტებას ითხოვენ.
„ვითხოვთ ბინების გარემონტებას. ჩვენ გადმოგვეცა სოციალური ბინები, სადაც გაუსაძლისი მდგომარეობაა. ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელია. კარი და ფანჯარა არ არის, წყალი შემოდის, ლიფტები გაუმართავია. კორპუსები აშენდა და ტყუილად არის, ვერ ვცხორობთ. ხელისუფლებას ვთხოვთ, რომ გაგვირემონტონ ეს ბინები. ელემენტარული საცხოვრებელი პირობები შეგვიქმნან. თუ ამას არ შეასრულებენ, უკან დასახევი გზა არ გვაქვს. აქედან წავალთ სოფელში, სადაც ჰესი აშენდა და მოვახდენთ პიკეტირებას, დავიცავთ ჩვენს ტერიტორიას, ჰესი ვერ იმუშავებს“, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე დათო შაინიძე.
აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ.
შეგახსენებთ, ამ მოთხოვნით წაბლანასა და წაბლიანის მოსახლეობამ არაერთი აქცია გამართა. მათ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებს პროტესტის ნიშნად ბოიკიტი გამოუცხადეს. ბათუმში აშენებულ კორპუსებში ამ ეტაპზე 20- მდე წაბლანელი ეკომიგრანტი ცხოვრობს, დაახლოებით 200-მდე კი სახელწიფოს ბინების გარემონტებას სთხოვს. გუშინ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე იმყოფებოდა წაბლანაში მოსალაპარაკებლად, თუმცა ადგილობრივების განცხადებით, შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











