დღეს ხელვაჩაურის მერიასთან იმ სამარშრუტო მიკროავტობუსების მძღოლებმა გამართეს აქცია, რომლებიც ხელვაჩაურის მუნუციპალიტეტსა და ბათუმის მიმდებარე სოფლების სამარშრუტო ხაზზე არიან დასაქმებული.
აქციის მონაწილეები გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნას ითხოვენ და აცხადებენ, რომ უახლოესი დღეების განმავლობაში მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში დაუმორჩილებლობას გამოაცხადებენ და დაიწყებენ მუშაობას.
„ვერ ვხვდებით ჩვენ რატომ არ გვაძლევენ მუშაობის უფლებას. პირველი თებერვლის მერე ვითხოვთ, მოგვცენ მუშაობის საშუალება. მივალთ, დაგვპირდებიან და გვატყუებენ.
განსხვავებული დამოკიდებულებაა რაიონების მიმართ. ბევრი სამარშრუტო ტაქსი გადის და მუშაობს, რაიონის მარშრუტკები გაჩერებული ვართ. ყოველ დღე გვირეკავენ ჩვენი თანასოფლელები თუ რაიონის მოსახლეობა და რატომ არ მუშაობთო, გონიათ ჩვენ არ გვინდა მუშაობა. რა გავაკეთოთ არ ვიცით. ნორმალური პასუხი ვერ მივიღეთ, რომ მოსახლეობას ავუხსნათ.
ამასთანავე პრობლემები შეგვიქმნა უმუშევრობამ, ყველას გვაქვს ბანკი და ათასი სხვა პრობლემა. პურის ფული რიგირ ვიშოვოთ იმას ვდარდობთ. ბავშვი სწავლობს ბათუმში, ბევრი ბავშვია ასეთი მაგალითად სოფელ ერგეში, რომელ სამარშრუტო ხაზზეც მე ვმუშაობ. ტაქსით როგორ ივლიან სკოლაში, 15-16 ლარი ჭირდება, სად არის ამის საშუალება. ყველა ოჯახს ხომ არ ყავს მანქანა“, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











