ახალგაზრდული ორგანიზაცია „იმოქმედეს” ორგანიზებით აჭარის მთავრობის სახლთან აქცია-პერფორმანსი სახელწოდებით „ფეხბუშტი“ გაიმართა. პერფორმანსის მონაწილეები სპეციალური მაისურებით, რომლებზეც „ქართული ოცნების“ ლიდერების გვარები იყო გამოსახული, სიმბოლურ კარში ბუშტებს აგდებდნენ.
როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, „ქართული ოცნება“ და მისი ლიდერები საკუთარ კარში გოლის გატანის ოსტატები არიან და დროა ეს დასრულდეს.
„კიდევ ერთხელ დავინახეთ, თუ რას აკეთებს ჩვენი მთავრობა და ქვეყნის ლიდერები წლების განმავლობაში. დროა ამ ყველაფერს მოვუღოთ ბოლო, დროა ბოლო მოვუღოთ ჩვენივე კარში გოლის გატანას, დროა ბოლო მოვუღოთ ჩვენივე ლიდერების მიერ ქვეყნის განადგურებას. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გონს მოეგეთ, მოგვისმინეთ ჩვენ, ახალგაზრდებს, იმსჯელეთ ლოგიკურად და ყველამ ერთად ვიმოქმედოთ“- აცხადებს „იმოქმედეს“ ერთ-ერთი წევრი გიორგი დუმბაძე.
შეგახსენებთ, ხელახალი არჩევნების მოთხოვნით გაერთიანებული ოპოზიცია აჭარის მთავრობის სახლთან, ე. წ. “თავისუფლების კვარტალში” 34-ე დღეა აქციებს მართავს.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











