დღეს, ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. ის ახმეტის რაიონში, სოფელ ქვემო ალვანში, 1984 წლის 18 აგვისტოს დაიბადა.
გიორგი ანწუხელიძის სახელი და გვარი ქართული საზოგადოებისთვის იმდენად კარგად არის ცნობილი, რომ მისი ცხოვრების შესახებ ბევრი დეტალის დაწერა, საჭირო არ არის.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დროს, ტყვედ ჩავარდნილი ანწუხელიძის გმირობის ისტორია ვიდეო კადრებად შემორჩა საქართველოს.
რუსმა ოკუპანტებმა და ოსმა სეპარატისტებმა ვერ აიძულეს ქართველი მებრძოლი საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ გადარჩენის ფასად, წასულიყო.
ტყვედ ჩავარდნის შემდეგ, მოწინააღმდეგეებმა ცხინვალის მე-5 სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს.
2008 წლის ნოემბრამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ცხინვალიდან ათი ქართველის ცხედარი გადმოასვენეს, გენეტიკური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ერთ-ერთი მათგანი გიორგი ანწუხელიძე იყო.
გიორგი ანწუხელიძე 2009 წელს ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, 2011 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“ დაჯილდოვდა. 2013 წლის 15 აპრილს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით მიენიჭა ეროვნული გმირის წოდება. იმავე წლის 2 ნოემბერს „თუშების სადროშომ“ გიორგი ანწუხელიძეს თუში სახალხო გმირის წოდება მიანიჭა.
დაკრძალულია თბილისში, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე.











