აშშ ოკუპანტების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძისთვის 12.5 წლით თავისუფლების აღკვეთას გმობს. ამის შესახებ ეუთოში აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეტ როუზენსტოკ-სილერმა განაცხადა.
„კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ რუსეთის პროვოკაციული ქმედებები ბატონ გახელაძის დაჭრასა და დაკავებასთან დაკავშირებით არ მოხდებოდა, თუკი რუსეთი 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებდა და თავის ძალებს კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე გაიყვანდა. 5 თებერვლის განაჩენი კიდევ ერთი მაგალითია რუსეთის მცდელობისა, გააკონტროლოს და გამოიყენოს საქართველოს რეგიონები, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. რუსეთის ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ამ ოკუპირებულ ტერიტორიებსა და მის მახლობლად მცხოვრები ადამიანების სიცოცხლეს, ადამიანის უფლებებს, კულტურასა და პირად თავისუფლებებს და არ აძლევს მათ უფლებების განხორციელების საშუალებასა და იმ შესაძლებლობებზე წვდომას, რომელიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის“, – განაცხადა ეუთოში აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა.
ეუთოში აშშ-ის მისიამ ასევე მოუწოდა რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღმაშფოთებელი დარღვევები.
„რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებები და თავისი ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე გაიყვანოს. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება და შეასრულოს თავისი ვალდებულება, უზრუნველყოს ჰუმანიტარულ დახმარებაზე შეუფერხებელი წვდომა. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ბატონ გახელაძესა და მის ოჯახს და ყველა იმ ოჯახს, რომელსაც რუსეთის სასტიკი ოკუპაციის ატანა მოუწია“, – აღნიშნა ელიზაბეტ როუზენსტოკ-სილერმა.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ-მა სასამართლომ, ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.











