საქართველოში ვაქცინაციის პროცესის უახლოეს დღეებში დაწყების პროცესს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა.
„საქართველოში ვაქცინაცია იწყება. 13 მარტიდან მივიღებთ “ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 200 დოზას, რომლითაც, პირველ ეტაპზე, მედპერსონალი აიცრება.
საქართველოს მთავრობა აწარმოებს აქტიურ მოლაპარაკებებს ვაქცინის დამატებითი დოზების მისაღებად სხვადასხვა მწარმოებლებთან და პარტნიორ ქვეყნებთან. მადლობა ყველა უწყებას კოორდინირებული მუშაობისთვის“, – აცხადებს კობახიძე.
ჯანდაცვის მინისტრის ეკა ტიკარაძის თქმით, საქართველოში ვაქცინა შემოვა დაჩქარებული ტემპით და ვაქცინის მიღების თარიღმა გადმოიწია ერთი კვირით.
„შაბათიდან ჩვენ საქართველოში გვექნება ვაქცინების ეტაპობრივი მოწოდება.
მოწოდებული იქნება დათქმული დოზა 43, 200 დოზა, რომელიც გადანაწილდება შესაბამისი პროტოკოლით. შემდეგია „ფაიზერის“ ვაქცინა.“ – განაცხადა ტიკარაძემ საგანგებო ბრიფინგზე.
უწყების ხელმძღვანელმა გაწეული შრომისთვის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას, კოვაქს-პლატფორმასა და UNICEF-ს მადლობა გადაუხადა.











