ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრმა, კუბათბეკ ბორონოვმა ქვეყანაში მიმდინარე პროტესტებისა და არეულობების ფონზე თანამდებობა დატოვა. ყირგიზეთის პარლამენტის საგანგებო სხდომაზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად სადირ ჟაპაროვი დაამტკიცეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ყოფილი დეპუტატი ჟაპაროვი გასამართლებული იყო, კოლონიაში იხდიდა სასჯელს და ბიშკეკში წუხანდელი არეულობის შემდეგ გათავისუფლდა.
შეგახსენებთ, რომ ბიშკეკში საპროტესტო აქცია 5 ოქტომბერს დღის მეორე ნახევარში დაიწყო. დემონსტრაციის მონაწილეები აპროტესტებენ არჩევნების შედეგებს, რომლის მიხედვითაც, 7 პროცენტიანი ბარიერის გადალახვა მხოლოდ პროსახელისუფლებო პარტიებმა შეძლეს.
აქციის მონაწილეები არჩევნების შედეგების გაუქმებასა და ხელახლა დანიშვნას მოითხოვენ. აქციის მონაწილეები გვიან ღამით პარლამენტის, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სახელმწიფო უსაფრთხოების შენობებში შეიჭრნენ.
ამასთან, ყირგიზეთის დედაქალაქში სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის იზოლატორიდან გაათავისუფლლეს კორუფციის ბრალდებით დაკავებული ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი. ატამბაევი ქვეყნის დედაქალაქში გამართული აქციის მონაწილეებსა და უწყების ხელმძღვანელობას შორის მოლაპარაკებების შემდეგ გამოიყვანეს შენობიდან.
საპარლამენტო არჩევნები ყირგიზეთში კვირას გაიმართა. არჩევნებში სულ 16 პარტია მონაწილეობდა. 12-მა ოპოზიციურმა პარტიამ არჩევნების შედეგების აღიარებაზე უარი განაცხადა.











