საქართვლოში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი – 45 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფექციონისტთა ნაწილი ფიქრობს, რომ ქვეყანა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმზე, შესაძლოა, იმაზე სწრაფად გადავიდეს, ვიდრე სპეციალისტები პროგნოზირებდნენ.
ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა “პრაიმტაიმნიუსთან” საუბრისას აცხადებს, რომ კორონავირუსის გავრცელების მხრივ, საქართველოში არსებული ვითარება საყურადღებოა. მისივე თქმით, მოსახლეობამ რეკომენდაციები უნდა დაიცვას, რათა ქვეყანა კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში არ ჩავარდეს.
„ქვეყანაში არსებული ვითარება საყურადღებოა, თუმცა საბოლოოდ მსჯელობა, როგორ განვითარდება მოვლენები, რთულია. მთავარი ის არის, რომ მოსახლეობამ დაიცვას რეკომენდაციები, რადგან შემთხვევების მატება განპირობებულია იმით, რომ არ ხდება რეკომენდაციების დაცვა, ამიტომ მოხდა დაავადების ასე სწრაფი გავრცელება.
მეორე მხრივ, ეპიდემიოლოგიური სამსახურები მუშაობენ, ატარებენ ღრმა ეპიდემიოლოგიურ კვლევებს, რაც ხელს შეუწყობს, რომ ნელ-ნელა სტაბილიზაცია მოხდეს. მოვლენების განვითარებას უნდა დაველოდოთ“,- განაცხადა გოგინავამ.
კითხვაზე, ვირუსის გავრცელების ასეთი ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, გამოცხადდება თუ არა საქართველოში კარანტინი, გოგინავა გვპასუხობს:
„არ ვთლი, რომ ამ მონაცემების გამო, ქვეყანაში კარანტინი უნდა გამოცხადდეს. თუ ძალიან მატება იქნა, რა თქმა უნდა, კარანტინი გამოცხადდება. იმ შემთხვევაში, თუ დღის განმავლობაში კორონავირუსის რამოდენიმე ასეულ შემთხვევამდე ავედით, შესაძლოა, დღის წესრიგში დადგეს კარანტინის გამოცხადება“,- განაცხადა გოგინავამ.
ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი – 45 შემთხვევა დღეს დაფიქსირდა.
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე











