„ვფიქრობ, რომ არ დავინფიცირებულიყავი, ჩვენ ამ წამალს ისე შევხედავდით, როგორც ათობით სხვა მედიკამენტს, მაგრამ ის მართლა ფანტასტიურად მუშაობს. მინდა, რომ თქვენც მიიღოთ ის. თქვენთვის ის უფასო იქნება“,- აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამერიკელებს იმ ექსპერიმენტული წამლის უფასოდ დარიგებას ჰპირდება, რომლითაც მან კორონავირუსი დაამარცხა.
რა არის ტრამპის მკურნალობის ექსპერიმენტული მეთოდი, როგორ მუშაობს ის და რამდენად ეფექტურია კორონავირუსის სამკურნალოდ, – სტატიაში სწორედ აღნიშნულ თემებს მიმოვიხილავთ.
ტრამპი და COVID-19 – თაიმლაინი
2 ოქტომბერს ცნობილი ხდება, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი კორონავირუსით დაინფიცირდა.
3 ოქტომბერს ტრამპი პრევენციის მიზნით, „უოლტერ რიდის“ სამხედრო ჰოსპიტალში გადაჰყავთ. ექიმის ინფორმაციით, პრეზიდენტი კარგ განწყობაზეა, თუმცა თავს „დაღლილად გრძნობს“.
საავადმყოფოში ტრამპი 3 დღეს ატარებს და 6 ოქტომბერს თეთრ სახლში ბრუნდება. ის კვლავ კოვიდდადებითია.
9 ოქტომბერს ტრამპის ექიმი აცხადებს, რომ პრეზიდენტმა მკურნალობის კურსი დაასრულა და საზოგადოებრივ ღონისძიებებში მონაწილეობა შეუძლია.
11 ოქტომბერი – დონალდ ტრამპის მკურნალი ექიმი, შონ კონლი – „ტრამპი კორონავირუსის გავრცელების რისკს აღარ წარმოადგენს“.
აშშ-ს პრეზიდენტი უკვე პირველ საჯარო ღონისძიების გამართვისთვის ემზადება.
დონალდ ტრამპის განცხადებით, მას ვირუსის დამარცხებაში ანტისხეულების ექსპერიმენტული პრეპარატი „რეგენერონი“(ანტისხეულების კოქტეილი) დაეხმარა.
რით უმკურნალეს ტრამპს
ტრამპის მკურნლაობის ექსპერიმენტული მეთოდი რამდენიმე მედიკამენტისგან შედგებოდა. კერძოდ, გამოყენებული იყო ყველასთვის უკვე კარგად ცნობილი ანტივირუსული პრეპარატი „რემდესივირი“, რეგენერონის მონოკლონური ანტისხეულების „კოქტეილი“ და სტეროიდული მედიკამენტი „დექსამეტაზონი“. ასევე, სტანდარტული მედიკამენტები. ტრამპს დასჭირდა ჟანგბადის თერაპიაც.
„დექსამეტაზონი“ – ამშვიდებს იმუნურ სისტემას და რეკომენდირებულია „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის“ მიერ კოვიდის მძიმე და კრიტიკული შემთხვევების დროს.
„რემდესივირი“ – ასევე ინიშნება ინფექციის მძიმე ფორმის დროს, რათა შეამციროს სიმპტომების ხანგძლივობა. როგორც წესი 15 დღიდან 11-მდე.
„რეგენერონის ანტისხეულების „კოქტეილი“ – ე.წ. მონოკლონური ანტისხეულების თერაპია, რომელიც რეგენერონის სახელითაა ცნობილი (რადგან მას კომპანია „რეგენერონი“ ამზადებს) ჯერ კიდევ კლასიფიცირებულია როგორც „ექსპერიმენტული“.
ეს ნიშნავს იმას, რომ ტრამპს უმკურნალეს იმ მედიკამენტით, რომელიც ოფიციალურად თვითონ „ამერიკის წამლისა და საკვებ პროდუქტთა“ სააგენტოს მიერ სამკურნალოდ გამოსაყენებლად არ არის ნებადართული. მისი უსაფრთხოება და ეფექტურობა ჯერ დამტკიცებული არაა.
წამლის მწარმოებელმა, ელი ლილმა უკვე მიმართა „ამერიკის წამლისა და საკვებ პროდუქტთა“ სააგენტოს, რომ ექსპერიმენტული ანტისხეულების გამოყენება დაუშვას.
რაც შეეხება სხვა მედიკამენტებს, რომლებსაც ტრამპი მკურნალობის პროცესში იღებდა, ესენია – თუთიისა და ვიტამინი D-ს დანამატები, ფამოტიდინი, მელატონინი და ასპირინი. ეს წამლები არ უკავშირდებოდა თვითონ დიაგნოზს, თუმცა მათი დადებითი ეფექტი ყველასთვის კარგად არის ცნობილი.
რა არის რეგენერონის მონოკლონური ანტისხეულების „კოქტეილი“ (REGN-COV2)
„რეგენერონი არის ხელოვნური იმუნიტეტი, რომელიც პაციენტებს იქამდე ეძლევათ, სანამ მათ საკუთარი იმუნური რეაგირება არ გამოუმუშავდებათ“,- განაცხადა ექიმ რაიმუნდ რაზონაბელმა, რომელიც რეგენერონის კლინიკურ კვლევებში მონაწილეობს.
მისი თქმით, მონოკოლონური ანტისხეულების კოქტეილის მიღება სიმპტომების გამოვლენიდან 10 დღის განმავლობაში უნდა მოხდეს.
ლაბორატორიული ტესტები, რომლებიც კოქტეილში მონოკლონური ანტისხეულების ეფექტურობას ამოწმებენ, იყენებენ უჯრედების სტანდარტიზებულ ჯგუფს, სახელწოდებით HEK 293T. ეს უჯრედები ჯერ კიდევ 1970-იან წლებში მოპოვებული იქნა ემბრიონის თირკმლის ქსოვილიდან, რომელიც აბორტების შედეგად ჰოლანდიაში მიიღეს.
კომპანია „რეგენერონმა“ ტრამპისთვის განკუთვნილ კოქტეილში შემავალი ორი ანტისხეული სწორედ ემბრიონისგან აღებულ უჯრედებზე გამოსცადა.
თუმცა, რეგენერონის წარმომადგენლების თქმით, კოქტეილის საბოლოო ვერსია, რომელიც ტრამპმა მიიღო, ემბრიონის უჯრედებს არ შეიცავდა.
როგორ მუშაობს
როგორც აღვნიშნეთ, REN-COV2-ის კოქტეილი 2 ანტისხეულისგან შედგება. ის შემდეგნაირად მოქმედებს – ანტისხეულები ვირუსის ზედაპირს უკავშირდებიან და ხელს უშლიან მას სხეულის სხვა ჯანმრთელ უჯრედებთან მიერთებაში. ამ ორიდან, ერთი მონოკლონური ანტისხეული დამზადებულია იმ ადამიანის ლიმფოციტისგან, რომელმაც უკვე გადაიტანა კოვიდი და გამოჯანმრთელდა. ხოლო მეორე, თაგვის (რომელსაც COVID-19 ინექციური გზით შეუყვანეს) ლიმფოციტისგან.
ეფექტურია COVID-19-ის სამკურნალოდ?
ჯერჯერობით დაზუსტებით არაფერია ცნობილი. კლინიკური კვლევები ამ საკითხზე მიმდინარეობს. სექტემბრის მიწურულს კვლევის ადრეულმა შედეგებმა აჩვენა, რომ რეგენერონით მკურნალობამ ადამიანის ორგანიზმში ვირუსის კონცეტრაცია შეამცირა და მათი გამოჯანმრთელება დააჩქარა.
კომპანია „რეგენერონის“ ცნობით, მკურნალობის ეს მეთოდი იმ პაციენტებსაც ეხმარებათ, რომლებსაც კოვიდის მსუბუქი ფორმები აქვთ.
თუმცა, ადრეული შედეგები ემყარება კვლევას, რომელშიც მხოლოდ 275 პაციენტი მონაწილეობდა. ეს კი ძალიან მცირეა.
მონოკლონური ანტისხეულების „კოქტეილი“ და საქართველო
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, ენტონი ფაუჩის პირადი რეკომენდაციით, საქართველოს ინფექციური პათოლოგიის ცენტრი მსოფლიოში იმ ერთეული წამყვანი დაწესებულებების სიაშია, რომლებიც პირველი დაიწყებენ მონოკლონური ანტისხეულების გამოცდას.
„კმაყოფილებით მინდა ვთქვა, რომ აშშ-ს ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტისა და მისი ლიდერის, ენტონი ფაუჩის პირადი რეკომენდაციით, ჩვენი ინფექციური პათოლოგიის ცენტრი ჩართულია მონოკლონური ანტისხეულების შესწავლაში“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
თენგის ცერცვაძის თქმით, თუ მონოკლონურმა ანტისხეულებმა გაამართლეს, ეს რევოლუციური გარღვევა იქნება მკურნალობაში.
„სავარაუდოდ ამ მონოკლონურმა ანტისხეულებმა და ნაკლებად რემდესივირმა განაპირობა ტრამპის სწრაფი გაჯანმრთელება. სამ დღეში არ გაჯანმრთელებულა, ვირუსს არ დაუტოვებია ორგანიზმი, ის კლინიკურად კარგად გახდა. ასეთი შემთხვევები ნუ გაგვიკვირდება, ჩვენთან სამ დღეში და ერთ დღეშიც გამხდარა კარგად ადამიანი.
მაგრამ ტრამპს მძიმე ფორმა ჰქონდა, ჟანგბადი სჭირდებოდა და ჟანგბადდამოკიდებულისთვის სამ დღეში თუნდაც კლინიკურად კარგად გახდომა, რა თქმა უნდა, კარგი შედეგია.
თუ მონოკლონურმა ანტისხეულებმა გაამართლეს, ეს იქნება რევოლუციური გარღვევა მკურნალობაში, უფრო მეტი ვიდრე რემდესივირი, პრაქტიკულად ეს საკითხის გადაწყვეტა იქნება“, – ამბობს თენგიზ ცერცვაძე.
ნინი ტაველიძე, PTN.GE