სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარია ამბობს, რომ თუ ოჯახს უნდა, სახალხო დამცველი გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძიებაში ჩაერთვება.
მისი თქმით, თუ საჭიროება იქნება, სახალხო დამცველი პროკურატურას მოსთხოვს საქმის მასალებზე დაშვება მისცეს.
„მაქვს გარკვეული შიშები, რამდენად ეფექტურად წარიმართება და დროულად ჩატარდება ყველა ის საგამოძიებო მოქმედება, რაც საჭიროა, რომ ამ ტიპის საქმეებზე ჩატარდეს, რაც ვერ ჩატარდა ხორავას ქუჩის საქმეზე, რის გამოც ხარვეზებით წარიმართა გამოძიება. მინდა, სახალხო დამცველის დახმარება შევთავაზო დაზარალებულ ოჯახს.
თუ მათ აქვთ განცდა, რომ გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები არ ტარდება ან დროულად არ ტარდება. ჩვენ მზად ვართ, ჩავერთოთ აღნიშნული საქმის გამოძიებაში. მოვთხოვთ პროკურატურას, რომ მოგვცეს დაშვება საქმის მასალებზე და დავეხმაროთ მათი საპროცესო უფლებების რეალიზაციის დაცვის თვალსაზრისით“,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ცნობისთვის, შეგახსენებთ, რომ 23 ივნისს, 19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს.
19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. ფეხბურთელი დღეს დაკრძალეს.










