ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი რუსეთში შეხვედრებს მართავს. ვიზიტის ოფიციალური მიზეზი სტანდარტულია: “მოსკოვში ანატოლი ბიბილოვმა დაგეგმა არაერთი შეხვედრა რუსეთის ოფიციალურ წარმომადგენლებთან სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის და კორონავირუსული ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში ურთიერთქმედების საკითხებზე”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც მედია ავრცელებს.
საყურადღებოა, რომ 12 ნოემბერს, სოჭში დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტი ასლან ბჟანია და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შეხვდნენ. მედიის მიერ გავრცელებული შეხვედრის დეტალები მაშინაც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში რუსეთის დახმარებას და ოკუპირებული რეგიონის ფინანსურ დახმარებას ეხებოდა.
თუ ბჟანია-პუტინის შეხვედრის დეტალებს გავიხსენებთ, მაშინ ბიბილოვისგან რუსეთის მიმართ მადლიერების გამოხატვასა და ცხინვალში გულთბილი მიპატიჟების თხოვნას ვიხილავთ. თუმცა, ამ დრომდე უცნობია, ბიბილოვთან შეხვედრას პუტინი ინებებს თუ არა.
რა შეიძლება იყოს ბიბილოვი-პუტინის რუსეთის მოლაპარაკების მთავარი საკითხები?
რეგიონში რუსეთის ჰეგემონობის გაძლიერება, სამხედრო კონტრიბუციის ზრდა, რეგიონში ახალი წესრიგი, საქართველოში პომპეოს ვიზიტი, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში საქართველოს მოქალაქე დევნილების ნაცვლად, ყარაბაღელი ლტოლვილების ჩასახლება და ა.შ.
დღევანდელი მოცემულობით გამოწვევები ბევრია, შესაბამისად – სასაუბროც. ამიტომ, ბიბილოვის რუსეთის ფედერაციაში ვიზიტის შესაძლო მიზეზებზე სასაუბროდ “პრაიმტაიმნიუსი“ ექსპერტ გიორგი გობრონიძეს დაუკავშირდა.
მისი შეფასებით, რუსეთის პოლიტიკური ელიტის თუ პრეზიდენტის შეხვედრები დე ფაქტო რეგიონების ლიდერებთან შესაძლოა, უკანონო სამხედრო აღმშენებლობას, რეგიონში სამხედრო კოორდინაციის გაზრდას, რუსეთის რეგიონული უსაფრთხოების პოლიტიკას, ყარაბაღელი დევნილების საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჩასახლებას ეხებოდეს.
ექსპერტი, უახლოეს მომავალში, საქართველოში რუსეთის მიერ ახალი საომარი მოქმედებების წამოწყებას გამორიცხავს, თუმცა ამბობს, რომ სამხედრო რისკები არსებობს…
„ვარაუდის დონეზე, შესაძლოა კარს მიღმა შეხვედრაზე საუბარი შეეხება რუსეთის ფედერაციის მიერ უკანონო სამხედრო აღმშენებლობას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
შესაძლოა, სამხრეთ კავკასიაში რუსეთი იაზრებს თავის პოზიციებს – უკვე მიიღო აზერბაიჯანის ტერიტორიაზე რეგიონში სამშვიდობო კონტინგენტის სახით სამხედრო ყოფნის შესაძლებლობა და აქედან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რუსეთის ფედერაცია ცდილობს სამხედრო კოორდინაციის გაზრდას სამხრეთ კავკასიაში განთავსებულ სამხედრო ნაწილებს შორის. მოგეხსენებათ, რუსეთს სამივე სახელმწიფოში: საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში აქვს სამხედრო პოზიციები. ამიტომ, მიმაჩნია, ეს ვიზიტები (პუტინთან შეხვედრაზე ჩასული ასლან ბჟანია და ბიბილოვი) უკავშირდება აღნიშნულ საკითხს.
ასევე, რუსეთის რეგიონული უსაფრთხოების პოლიტიკის დღის წესრიგს, რომელიც მას სამხ. კავკასიაში გააჩნია და ეს ის პოლიტიკაა, რომელიც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინტერესებს.
ასევე, არ არის გამორიცხული, რომ აღნიშნულ შემთხვევაში ხდებოდეს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების და საქართველოს სახელმწიფოს მიმართულებით გარკვეული მოქმედებების შეთანხმება და კოორდინირება.
რუსეთის ამგვარი პოლიტიკა მიმართულია სამხ. კავკასიის რეგიონში არსებული ახალი სტატუს კვოს გამყარებისა და შენარჩუნებისკენ და შესაბამისად, უკავშირდება არამხოლოდ მთიანი ყარაბაღის საკითხს, არამედ – საქართველოში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ვიზიტის საკითხსაც, იქიდან გამომდინარე, რომ რაც უფრო ეცდება საქართველო მოშორდეს რუსულ ორბიტას, მით მეტად ეცდება რუსეთი გაამყაროს პოზიციები ოკუპირებულ რეგიონებში.” – განმრატვს ექსპერტი.
რას მიიჩნევს რუსეთის ფედერაცია სტრატეგიულ უსაფრთხოებაში პრიორიტეტად?
გიორგი გობრონიძის თქმით, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან, მის მიერ აღიარებულ რესპუბლიკებთან ურთიერთობების გაუმჯობესება და პარტნიორობის გაძლიერება ცხინვალისა და აფხაზეთის რეჟიმებთან რუსეთისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.
“რუსეთის ფედერაციის ბოლო სტრატეგიული უსაფრთხოების დოკუმენტების მიხედვით, ერთ-ერთ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტად სახელდება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან, მის მიერ აღიარებულ რესპუბლიკებთან ურთიერთობების გაუმჯობესება და პარტნიორობის გაძლიერება ცხინვალისა და აფხაზეთის რეჟიმებთან.
კავშირი ყარაბაღელ დევნილებსა და ერთა შორის შუღლის გაღვივებით მიღებულ ბენეფიტებთან
გიორგი გობრონიძის აზრით, თუ რუსეთის მედიატორობით დე ფაქტო აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ყარაბაღიდან დევნულ სულ რამდენიმე ოჯახს ჩაასახლებენ, ეს ქართული და სომეხი ერების დაპირისპირების საგანი გახდება, რაც რუსეთის პოლიტიკურ წისქვილზე წყალს აუცილებლად დაასხამს და შედეგად, სრულად იზოლირებულ სომხეთს მიიღებს…
“შესაძლოა, რუსეთი დაინტერესებული იყოს ყარაბაღელი დევნილების საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჩასახლებით. რუსეთის ფედერაცია დაინტერესებულია სომხეთის სრული იზოლაციით. აქედან გამომდინარე, აღნიშნული აქტი ქართული საზოგადოებისთვის აღქმული იქნება, როგორც მტრული ნაბიჯი სომხური საზოგადოებისგან. მოსკოვი დაინტერესებულია ორ საზოგადოებას შორის პრობლემის გაღვივებით.
სომხეთში ბევრი ადამიანი ხვდება, რომ რუსეთმა ყარაბაღის უკანასკნელი მოვლენების დროს, მისი მოკავშირე არათუ არ დაიცვა, არამედ – საერთოდ არ გაითვალისწინა სომხეთის ინტერესები. რუსეთის ფედერაციას შესაძლოა, სამშვიდობო ძალისხმევა გაეწია, რაც არ გააკეთა და პრაქტიკულად, მოკავშირე გაყიდა, რითიც შექმნა დასჯის სამაგალითო პრეცედენტი, რა მოუვა იმ ქვეყანას, რომელიც გაბედავს რუსული ორბიტიდან გასვლას. ეს იყო გზავნილი რუსეთის დანარჩენი მოკავშირეებისადმი, ვისაც შეიძლება ჰქონდეს ვარაუდი, რომ ითამაშონ განსხვავებული წესებით ან შექმნან რეგიონსა და საკუთარ ქვეყნებში დემოკრატია. ამ შემთხვევაში, რუსეთს აქვს სურვილი, ერთხელ და სამუდამოდ დაასრულოს სომხეთის კოლონიზაცია.
შესაძლოა, ყარაბაღიდან რამდენიმე ოჯახი დაითანხმონ და ჩამოასახლონ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ამას მიეცეს საინფორმაციო შეფუთვა რომ მასობრივად ხდება ყარაბაღელი დევნილების ჩამოყვანა.” – ამბობს ექსპერტი.
არის თუ არა საქართველოში ახალი ომის საფრთხე რეგიონში ჰეგემონად მოვლენილი რუსეთის მხრიდან?
ამ კითხვაზე გიორგი გობრონიძის პასუხი დამაიმედებელია, ყოველ შემთხვევაში, უახლოეს მომავალში მაინც… თუმცა, სამხედრო საფრთხე არსებობს და შესაძლებლობა აწარმოოს საომარი მოქმედებები ოკუპანტს აქვს…
“ახალი საომარი მოქმედებების დაწყების მძიმე ნიშნები არ ჩანს, თუმცა თუ ვსაუბრობთ სამხედრო საფრთხეზე, სამხედრო საფრთხის ძირითადი საზომი არის გააჩნია თუ არა რუსეთის ფედერაციას იმის ძალა და შესაძლებლობა აწარმოოს საომარი მოქმედებები? ამის შესაძლებლობა რუსეთს აქვს. დარწმუნებით ვერ ვიტყვით, რომ რუსეთი რეგიონში ახალ ომს დაიწყებს, მით უმეტეს, რომ დასამაგრებელი არის ყარაბაღში მიღწეული შედეგები, ბოლომდე არ დასრულებულა იმ შესაძლებლობის ათვისება, რაც ყარაბაღში თავისი სამშვიდობო ძალების განთავსებით გაუჩნდა. როგორც ვიცით, სამშვიდობო კონტიგენტი სრულად არც არის განლაგებული, მიმდინარეობს სადამკვირვებლო პუნქტების მშენებლობა და საველე ინფრასტრუქტურის მოწყობა რეგიონში. შესაბამისად, უახლოეს თვეებსა და წელიწადშიც კი, ახალი საომარი მოქმედებების დაწყება ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ ცხადია, სამხედრო საფრთხე ამ რეგიონებიდან არსებობს და ეს საფრთხე იზრდება ყოველდღიურად, რაც უფრო მეტად ძლიერდება რუსული სამხედრო ძალები.
ყარაბაღში სამხედრო ძალების განთავსება არ არის საქართველოსთვის პირდაპირი საფრთხე იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გაცილებით მეტი სამხედრო რისკების წინაშე ვდგავართ თუნდაც, ცხინვალში და/ან გუდაუთაში არსებული სამხედრო ბაზიდან, გალში სამხედრო კონტინგენტიდან გამომდინარე. სწორედ ესენია ჩვენს სიახლოვეს. მთიანი ყარაბაღის რეგიონი ჩვენთვის არ არის გეოგრაფიულად იმდენად ახლოს, რომ 2 000 კაცის განთავსება რაიმეს ცვლიდეს ჩვენთვის, ეს უპირველესყოვლისა იმის მცდელობაა, რომ აზერბაიჯანი საკუთარი შედეგების მძევლად აქციოს.” – აცხადებს გიორგი გობრონიძე.











