საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თურქეთის რესპუბლიკაში გადასვლაზე ნებართვა 101 პირს მიეცა – ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
თურქეთში გამგზავრების მსურველებმა რეგისტრაციის პროცედურა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, ასევე აჭარის დასაქმების სააგენტოს დახმარებით abroadworkers.moh.gov.ge-ზე უნდა გაიარონ.
განაცხადს ის მოქალაქეები ავსებენ, რომლებმაც თურქეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირისგან მოწვევა უკვე მიიღეს და ნოტარიულად ქართულ ენაზე დაამოწმეს.
„პროცედურა მარტივია, პირადი ნომრისა და მობილურის ნომრის შეყვანის შემდეგ განმცხადებელი ღებულობს აქტივაციის კოდს, რომლის შემდეგაც საშუალება ეძლევა ატვირთოს თურქეთის რესპუბლიკიდან მიღებული მოწვევა. განმცხადებელს პასუხი უმოკლეს ვადაში, არაუგვაინეს შვიდ დღეში ეცნობება“, – ნათქვამია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ სარფის საბაჟოზე განაცხადა, საქართველოს შესაბამისი უწყებები ყველაფერს აკეთებენ, რომ უმოკლეს ვადებში დასრულდეს ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა..











