ოპოზიციური პარტიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ამბობენ, რომ გიორგი რურუას გათავისუფლება პრინციპულ საკითხად რჩება ყველასთვის, ვისთვისაც საქართველოში კანონის უზენაესობა და შერჩევითი სამართლის დაუშვებლობა მნიშვნელოვანი საკითხია.
ოპოზიციის განცხადებით, 8 მარტის შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს და მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნებით გამოყენება შეწყდეს.
„მიუხედავად იმისა რომ ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა მისთვის ხელის შესაშლელად, გავრილოვის ღამის შემდეგ დაწყებული დემოკრატიზაციის პროცესმა შედეგი გამოიღო. ეს შედეგი გარანტიაა საქართველოს მოქალაქეებისთვის, რათა ივანიშვილის დამარცხების შემდეგ მოსული ხელისუფლება უკონტროლოდ არ დარჩეს.
ბიძინა ივანიშვილმა კომიკურ მდგომარეობაში კიდევ ერთხელ ჩაიგდო თავი როცა არსებითად პროპორციულ საარჩევნო მოდელზე გადასვლას, ოპოზიციაზე გამარჯვებად აცხადებს, საერთაშორისო მეგობრების დახმარებითა და ქართველი ხალხის მტკიცე ნებით მიღწეულ შედეგს კი თავის სურვილს არქმევს”, — აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.
პარტიები ამბობენ, რომ აქტიურ სამოქალაქო მოძრაობებთან ერთად, არსებითად პროპორციული არჩევნების მიღწევაში დიდი როლი ითამაშა დემოკრატიული ოპოზიციის ერთიანობამ და “მტკიცე პოზიციებმა”.
“ის თუ როგორ მივაღწიეთ არსებითად პროპორციულ არჩევნებს, მაგალითია მომავალი თანამშრომლობისა და კონსოლიდაციისთვის, რაც აუცილებელია საქართველოს ეკონომიკური თუ პოლიტიკური ჩიხიდან გამოსაყვანად. მიუხედავად ჩვენს შორის არსებული არსებითი განსხვავევებისა, სწორედ ამ პასუხისმგებლობით ვაპირებთ მივუდგეთ მომავალ პოლიტიკურ პროცესს“, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ: ევროპული საქართველო; ერთიანი ნაციონალური მოძრაობა; რესპუბლიკური პარტია; ახალი საქართველო; ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი; ევროპული დემოკრატები; ქრისტიან კონსერვატიული პარტია; ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა; მოძრაობა სახელმწიფო ხალხისათვის; ემსახურე საქართველოს; ლეიბორისტული პარტია; გამარჯვებული საქართველო; მოძრაობა ლელო; საქართველოსთვის; თავისუფალი დემოკრატები; საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება; სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის; სამართლიანობისთვის; კანონი და სამართალი; ეროვნულ დემოკრატიული პარტია.
ცნობისთვის, 29 ივნისს, პარლამენტმა მესამე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე პროპორციით ჩატარდება, ბარიერი კი 1% იქნება.
შეთანხმება 8 მარტს, საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის შედგა.
გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა თქვა, რომ 8 მარტის შეთანხმებაში გიორგი რურუა ნახსენები არ ყოფილა. გერმანიის ელჩის განცხადებას ოპოზიციის მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა.
დაგაინტერესებთ:
- „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებს ბოიკოტს არც იმ შემთხვევაში გამოუცხადებს, თუ რურუა საპატიმროში დარჩება
- შალვა ნათელაშვილი გერმანიის ელჩის გაწვევას ითხოვს
- გერმანიის ელჩზე შეტევა ძველი ოპოზიციის უხეში შეცდომაა – თალაკვაძე
- ბოკერია, მისი მეუღლე და სხვა „ნაციონალები“ არიან უკიდურესად გაღიზიანებულები – ირაკლი კობახიძე











