ოქტომბერში, თელავში, მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად, საკრებულოს წევრსაც აირჩევენ.
შესაბამისი გადაწყვეტილება, თელავის საკრებულოს შუალედური არჩევნების შესახებ, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 11 სექტემბერს გამოაცხადა.
თელავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, რევაზ გაიპარაშვილის ინფორმაციით, შუალედური არჩევნები, მაისში უნდა ჩატარებულიყო.
„საკრებულოს წევრს, სოფელ კისისხევიდან, ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება, მის მიმართ გამამტყუნებელი განჩენის ძალაში შესვლის გამო. საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, არჩევნები მაისში უნდა გამართულიყო. პანდემიის გამო, კენჭისყრა 31 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებთან ერთად ჩატარდება”- განაცხადა გაიპარაშვილმა.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, ზაქარია ყარასაშვილს უფლებამოსილება ვადამდე, 2019წლის 4 ოქტომბერს შეუწყდა.
გამამტყუნებელი განაჩენი, საპროცესო შეთანხმებით, ყარასაშვილის მიმართ, ავტოსაგზაო შემთხვევის გამო დადგა, რომლის დროსაც ერთი პირი გარდაიცვალა.
საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობისათვის , პოლიტიკურ პარტიებსა და საინიციატივო ჯგუფებს, განაცხადის გაკეთება და რეგისტრაცია უკვე შეუძლიათ.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











