“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, იმედი აქვს, რომ უახლოეს კვირეებში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება მიიღწევა.
ვაშაძის თქმით, “ქართულმა ოცნებამ” ქვეყანა ჩიხში შეიყვანა და გამოსავალი მხოლოდ შეთანხმებაა.
„ჩვენ გვაქვს ორი კონკრეტული ფლანგი, სადაც აქტიურ ქმედებებს ვახორციელებთ. ერთია – ქავეყნის შიგნით არაძალადობრივი პროტესტი და მეორე – საგარეო ასპარეზზე. ვხედავთ, რომ თითქმის სრულად შეიცვალა ის გარემოებები და ყველა ნათლად ხედავს, თუ რა მძიმე მდგომარეობაში შეიყვანა „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი ქვეყანა თავისი გადაწყვეტილებებით. აქ საუბარი არ არის მხოლოდ ნიკა მელიას დაკავებაზე, საუბარია ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე, ამიტომ, ვფიქრობ, და მინდა ოპტიმისტი ვიყო და უახლოეს კვირებში მე ველოდები, რომ შეთანხმება მოხდება და ამის იმედი მაქვს. ყველა დაიღალა ამ არეულობით. არც ევროკავშირისთვის და არც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის სულ ერთი არ არის, თუ რა იქნება საქართველოში, როგორ წავა ეს ქვეყანა, იმიტომ, რომ მოდით პირდაპირ ვთქვათ, რომ საქართველო არის ერთ-ერთი უკანასკნელი ფორპოსტი დღეის მდგომარეობით დემოკრატიული ევროპული განვითარებისთვის, ამიტომ ჩვენ მარტო არ ვართ ამ ბრძოლაში, ჩვენ ძალიან მაგარი „ზე-სახელმწიფოები“ გვიჭერენ მხარს. არეულობა უნდა დავაწყნაროთ, დაპირისპირებული მხარეები უნდა შევათანხმოთ, ქვეყანა უნდა გავაერთიანოთ და განვითარების გზას უნდა დავადგეთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
23 თებერვალს, სამართალდამცველებმა ნიკა მელია ოფისში დააკავეს.
სამართალდამცველები „ნაციონალური მოძრაობის“ოფისში დღეს დილით შევიდნენ.
ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან სპეციალური დანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გაუშვა.
დაპირისპირების დროს სამართალდამცველებმა 21 აქტივისტი დააკავეს.
მხარდამჭერებმა მელიას დაკავება გააპროტესტეს და პარლამენტთან აქცია გამართეს.
ნიკა მელიას დაკავების ფაქტის შესახებ დაიწერა საერთაშორისო მედიაშიც.
ცნობისთვის, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.
დღეს, 26 თებერვალს ოპოზიციამ აქცია-მსვლელობა გამართა და ნიკა მელიას გათავისუფლებასა და რიგგარეშე არჩევნებს ითხოვენ.
მათი თქმით, აქციები ყოველდღიურად გაგრძელდება.
ყველა ინფორმაცია ნიკა მელიას საქმეზე ნახეთ ამ ბმულზე










